ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი ვერსიით, 2023 წელს პრეზიდენტი შესაძლოა კოლეგიამ აირჩიოს

16 მარტი, 2017 • 1386
საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი ვერსიით, 2023 წელს პრეზიდენტი შესაძლოა კოლეგიამ აირჩიოს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების განცხადებით, ჯგუფის უმრავლესობა თანხმდება, რომ 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს მოსახლეობამ, ხოლო 2023 წელს ან პარლამენტმა დანიშნოს, ან კოლეგიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, “ქართული ოცნების” საჯაროდ გაცხადებული ნებაა, რომ  2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, რაც შეეხება მომდევნო ვადას, ამაზე კომისიამ უნდა იმსჯელოს:

“დღეს შემოგვთავაზეს, რომ პრეზიდენტი დანიშნოს არა პარლამენტმა, არამედ იყოს გარკვეული კომბინაცია, მაგალითად, პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობით. გარკვეული ორეტაპიანი სისტემა რომ იყოს. ინიციატორი წარმოადგენს ზუსტ ფორმულირებას და ამ საკითხს მივუბრუნდებით,” – ამბობს ჩუგოშვილი და აღნიშნავს, რომ პრობლემას ვერ ხედავს არაპირდაპირი არჩევის წესის კომპლექსურობაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ისინი პირდაპირი არჩევის წესის მომხრე არიან, თუმცა თუ კომისია გადაწყვეტს, რომ არაპირდაპირი წესი შემოვიდეს, გიგაურის თქმით,  ეს წესი მაქსიმალურ ჩართულობას უნდა ითვალისწინებდეს.

“მიმდიანრეობს მსჯელობა, რომ პრეზიდენტის არჩევაში ადგილობრივმა თვითმმართველობებმაც მიიღონ მონაწილეობა. საბოლოო შეთანხმება არ ყოფილა, თუმცა კომისია იცვლის პოზიციებს ამ მიმართულებით. ასეთი წესის წინააღმდეგ არგუმენტები არ მოგვისმენია და  სავარაუდოდ, მმართველი გუნდი ამ ფორმას დაეთანხმება.”

კომისიის კიდევ ერთი წევრის, მიხეილ ბენიძის თქმით, ისიც პირდაპირი არჩევის წესს ემხრობა. თუმცა, თუ არაპირდაპირი წესი დამკვიდრდება, ბენიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პრეზიდენტი ერთი პარტიის დანიშნული არ იყოს:

“ჩვენ არ ვემხრობით აზრს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის უბრალო უმრავლესობამ უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია დამზღვევი მექანიზმები, რომ ერთი პარტიის არჩეული პრეზიდენტი არ მივიღოთ. ჩვენთვის უფრო მისაღებია ამომრჩეველთა კოლეგიის ფორმირება, ან სხვა მექანიზმების ჩართვა,” – ამბობს ბენიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს. გადაწყვეტილებას ჯგუფის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი