ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, დიდი ქვეყნების აგრესიული პოლიტიკა მეზობლების მიმართ მიუღებელი უნდა იყოს

16 მარტი, 2017 • 1494
პრეზიდენტის თქმით, დიდი ქვეყნების აგრესიული პოლიტიკა მეზობლების მიმართ მიუღებელი უნდა იყოს

ბაქოს V გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ქვეყნების აგრესიული პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო რუსეთის მხრიდან არაერთი საფრთხის წინაშე დადგა, რამაც საბოლოო კულმინაციას საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიით მიაღწია.

პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილა. მისი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი.

“დიდი ქვეყნების გავლენის ზონები და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკა მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა და ორიენტაციისა, მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ”, – წერია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა გლობალიზაციის შესახებ აღნიშნა, რომ გლობალიზაცია ხელსაყრელ გარემოს ქმნის თითოეული სახელმწიფოსათვის, რათა მიიღოს სარგებელი საერთო თანამშრომლობისგან.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ მუდმივად ვდგავართ ისეთი გლობალური საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი, შეიარაღებული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები.

საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. საქართველოს და აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის სურვილის ნათელი მაგალითია, გავაძლიეროთ რეგიონი და ამ გზით შევქმნათ თანამშრომლობის საერთო სივრცე.

მასალების გადაბეჭდვის წესი