აზერბაიჯანი-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ეტაპი

2017 წლის თებერვლის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ თავს ხსნის.

აზერბაიჯანისა დ ევროკავშირის ურთიერთობები იდეალური არასოდეს ყოფილა, რაც გამოწვეული იყო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებითა და პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებით რუსეთსა და დასავლეთს შორის.

საქართველოსგან და უკრაინისგან განსხვავებით, რომლებიც დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილზე ღიად საუბრობდნენ, აზერბაიჯანს მსგავსი სურვილი საჯაროდ არასოდეს გაუჟღერებია. მეტიც, აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,  რის შემდეგაც აზერბაიჯანი-ევროკავშირის ურთიერთობებში ხანგრძლივი პაუზა დადგა.

ეს ფაქტები ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანს საერთოდ არ სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა, თუმცა, მსგავსი ნაბიჯებით მას დასავლეთსა და რუსეთს შორის საჭირო ბალანსი შეინარჩუნება შეუძლია. რუსეთი მთავარი მოთამაშეა სამხრეთ კავკასიის არც თუ ისე მშვიდ რეგიონში და არავისთვისაა საიდუმლო ისიც, რომ სწორედ რუსეთს, რომელიც  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა,  ხელში აქვს კოზირი, რომელიც კონფლიქტის მხარეებს თანამშრომლობას აიძულებს.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამას ჯერ არსებითი დივიდენდები აზერბაიჯანისთვის არ მოუტანია. თუ საქართველომ, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების გაუქმებას მიაღწია, უკრაინამ კი, საბოლოოდ გაიფუჭა რუსეთთან ურთიერთობა და დასავლური კურსი არჩია, აზერბაიჯანი არაფრისკენ არ მიილტვოდა. სომხეთისგან განსხვავებით, მას არასოდეს ჰქონია გასაკეთებელი არჩევანი – ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი.

2015 წლის 10 სექტემბერს ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებდა. ოფიციალურმა ბაქომ ეს ფაქტი ძალიან მძიმედ მიიღო – პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რეზოლუციამ აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობებში სერიოზული რეგრესი გამოიწვია.

“ეს პოლიტიკური პროვოკაციაა, რომელიც ცილისწამებაზეა აგებული. ჩვენ ვიცით, თუ რა ძალები დგას ამის უკან”, – განაცხადა მაშინ ილჰამ ალიევმა. სწორედ ამ მომენტიდან მხარეებს შორის ურთიერთობებში ხანგრძლივი პაუზაა.

“ვაკუუმი 2014 წლის შემდეგ გაჩნდა”, – გვიყვება პოლიტოლოგი ტოფიკ აბასოვი, – “რომელსაც წინ გარკვეული ნეგატიური პროცესები უძღოდა. ეს იყო ევროპარლამენტარების პოზიციები. ევროპელი ჩინოვნიკები ცდილობდნენ ოფიციალურ ბაქოზე ზეწოლას და იძულებას , რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები ეღიარებინა. ბრალდებები კი ძირითადად, აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების უფლებებსა და თავისუფლებების შეზღუდვას ეხებოდა”.

2017 წლის თებერვლის ბოლოს კი, ბრიუსელში მყოფმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ “ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რათა ბიძგი მივცეთ პარტნიორულ ურთიერთობებს”.

პოლიტოლოგ ტოფიკ აბასოვს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანი ორმხრივი ურთიერთობების ფორმატს უფრო წარმატებულად ავითარებს.

“თუ გახსოვთ, როდესაც ილჰამ ალიევი გამოვიდა ევროპარლამენტში და დებატები დაიწყო, ზოგიერთმა დეპუტატმა არც ისე პოლიტკორექტულად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია აზერბაიჯანის მიმართ. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რისი მოლოდინიც არსებობდა. აზერბაიჯანმა ხელი არ მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ზოგადად, აზერბაიჯანს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირის მთავარ სახელმწიფოებთან და სწორედ ამ დებატების შემდეგ, ორმხრივ ურთიერთობებს არაკეთილსაიმედო ფონი დაედო”.

ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა, რამდენადაც გაიაზრა, რომ დიალოგის გზით  გაუგებრობის დაძლევა და ახალ ეტაპზე გადასვლა იყო საჭირო.

ილჰამ ალიევი; ფოტო: www.hrw.org

ილჰამ ალიევი; ფოტო: www.hrw.org

“მეორე მხრივ, პარტნიორობა ორივე მხარისთვის უნდა იყოს სასარგებლო. ამჟამად, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კრიტიკული ზღვარი მხარეებმა გადალახეს. ახალი პერსპექტივა იხსნება, რამდენადაც ახალი შეთანხმების გაფორმების მოლოდინიც გაჩნდა. ახალმა შეთანხმებამ აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთოებები უნდა გაწეროს. მითუმეტეს, მხარეებს შორის უკვე არსებობს განვითარებისთვის საჭირო საიმედო საწყისი კავშირები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უსაფრთხოება, ეკოლოგია, სატრანსპორტო კომუნიკაციები”.

ამასთან, არც ახლაა ყველაფერი მარტივად. ბოლო ვიზიტის დროს ბრიუსელში პრეზიდენტმა ალიევმა უარი განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ანტონიო ტაიანისთან შეხვედრაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა დელია ვლასმა ჟურნალისტების განუცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ არის შეხვედრის გაუქმების მიზეზები. მიზეზი კი, როგორც მედია ავრცელებდა, ევროპარლამენტის იმ ღონისძიებაში იყო, რომელზეც საზღვარგარეთ ემიგრირებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების გამოსვლა იგეგმებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ტოფიკ აბასოვი ამბობს, აზერბაიჯანს  ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან მაინც საიმედო ურთიერთობები ქვს. თუ 2017 წლის ბოლომდე თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ოპტიმალური ტექსტიც შემუშავდება, ეს  კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ურთიერთობებს. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური დიალოგი, რომელიც პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის შემდეგ განახლდა, შეიძლება უკვე შემდგარად მოვიაზროთ”.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ზარდუშტ ალიზადე არ მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ახალი ეტაპი დგება. პოლიტიკოსთა განცხადებებს კი, პროტოკოლის ნაწილად განიხილავს.

“ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ყოველთვის აცხადებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ურთიერთობების განვითარებაში, რომ არსებობს პოზიტიური შეთანხმებები, რომ ურთიერთობები ღრმავდება. თუმცა, ძალიან ფხიზლად უნდა შევხედოთ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს. აზერბაიჯანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპაში ინტეგრაცია მისი მიზანი არ არის. ეს სავსებით გასაგებია, რამდენადაც ევროპული წესრიგი აზერბაიჯანს არ აწყობს. სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სოციალური სამართლიანობა – ეს ის პრინციპებია, რომელიც ხელისუფლებისთვის უცხოა. ამიტომაც არ გვინდა ევროპაში. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არც ევრაზიულ კავშირში უნდა. მას საკუთარი ნეიტრალური პოლიტიკა გვაქვს”.

ილჰამ ალიევის ბრიუსელში ვიზიტს რომ დავუბრუნდეთ, ზარდუშტ ალიზადე აღნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია, რამდენდაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. თავის მხრივ, ევროპელმა ჩინოვნიკებმაც საკუთარი როლი წარმოაჩინეს. ყველამ ის მიიღო, რაც სურდა. გლობალურად არაფერი შეცვლილა, და არც შეიცვლება”.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თეიმურ მაკსუტოვი არის ბაქოში მცხოვრები ჟურნალისტი. მუშაობს სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის. ნეტგაზეთს ის პერიოდულად აწვდის მასალებს 2016 წლის მარტიდან.