ახალი ამბები

დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებითვის

16 მარტი, 2017 • 5359
დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებითვის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 16 მარტს საყოველთაო ჯანდაცვის “მეორე ტალღა” დაანონსა, რაც გულისხმობს იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის  მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.

დიფერენცირების შესაძლებლობა, მინისტრის განცხადებით, მათ მისცა 2017 წლის მარტში ბაზების განახლებამ. ეს ბაზები 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების შემდეგ არ განახლებულა.

საყველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი უცვლელი დარჩება. სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ ამ რეფორმით უკვე გამოყოფილი თანხები უფრო სამართლიანი პრინციპით გადანაწილდეს.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, დიფერენცირების შედეგად დაზოგილი თანხებით მათ შესაძლებლობა მიეცათ, ამბულატორიული მედიკამენტის დაფინანსების კომპონენტი გაჩნდეს იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ჯანდაცვის მინისტრმა გამოყო სამი ძირითადი კატეგორია და მათი ქვეკატეგორიები:

1. მიზნობრივი ჯგუფები – 1 700 000-მდე ადამიანი.

აქ შედიან:

  • 0-5 წლამდე ბავშვები
  • სტუდენტები
  • პენსიონრები
  • შშმ პირები
  • პედაგოგები
  • სოციალურად დაუცველები

ამ ჯგუფს შეუნარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად.

ექვსივე ქვეჯგუფს მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.

სოციალურად დაუცველებსა და პენსიონრების იმ ნაწილს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვთ, მედიკამენტი იყიდონ, გაუჩნდებათ ამბულატორიული მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი. მინისტრის მრჩეველმა, ლაშა ნიკოლაძემ განმარტა, რომ ასეთი იქნება დაახლოებით 200 000 ადამაინი, ვისაც პირველ ეტაპზე გაუჩნდებათ მედიკამენტის კომპონენტი. პირველ ეტაპზე, დაფინანსდება ოთხი სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები:

“ეს არის გულსისხლძარღვთა სისტემის პრაქტიკულად, ყველა დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, კორონალური დაავადება, გულის უკმარისობა – ამისათვის საჭირო მედიკამენტები. მეორე – ეს არის დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტები. პირელ ტიპს, ინსულინდამოკიდებულს, ისედაც ვაძლევთ ინსულინს ყველას. შემდეგი, ეს არის ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, და შემდეგი – ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები. ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები იქნება პირველი ეშელონი, რასაც ჩვენ გავაჩენთ. შემდეგი – უფრო გააფართოვდება და შემდეგი – კიდევ უფრო გაფართოვდება,”- ამბობს დავით სერგეენკო.

სახელმწიფო ამ მედიკამენტის ღირებულების უმეტეს ნაწილს აანაზღაურებს და მინისტრის თქმით, მათ მხოლოდ მინიმალური, სიმბოლური თანხის გადახდა მოუწევთ.

2. მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები

  • მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია – 32 000 ადამიანი.

ეს კატეგორია ვეღარ მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს. თუმცა, დარჩებიან ჯანდაცვის სხვა პროგრამების მოსარგებლეებად, მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამა, მშობიარობის დაფინანსება.

  • მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ, წლიური შემოსავალი არ აღემეტება 40 000 ლარს – 300 000 ადამიანი.

ამ კატეგორიისთვის შეიცვლება ის, რომ ურგენტული სტაციონარი 100%-ის ნაცვლად, დაუფინანსდებათ 90%-ით. გეგმიური სტაციონარი, თუკი ხარჯები 1000 ლარს აღემატება, დაუფინანსდებათ 70%-ით. გეგმიური სტაციონარის ხარჯები, თუკი ხარჯები 1000 ლარზე მეტი ექნებათ, ისინი არ დაფინანსდებიან.

“დავუშვათ, არის მცირე ქირურგიული ჩარევა, პირობითად რომ ვთქვათ, ტონზილექტომია, რომლის ფასი არის 500 ან 700 ლარი. ასე შემთხვევაში, როგორც ანალიზები, ისე წინასაოპერაციო კვლევები, ასევე, საკუთრივ, ოპერაცია, უნდა გადაიხადოს თვითონ. თუ სერვისი იქნება 100 ლარზე მეტი ღირებულების, როგორც აქამდე იყო, გაგრძელდება ისევ ისე,”- განმარტავს დავით სერგეენკო.

ამ კატეგორიას არ მიენიჭება პრივილეგია, ისარგებლონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

3. დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები და მოზარდები

  • ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალქეები და თვითდასაქმებული პირები – 1 154 000 ადამიანი.

ამ კატეგორიას ურგენტული ამბულატორია 100%-ის ნაცვლად დაუფინანსდებათ 50%-ით. გეგმიური ამბულატორიისა და ურგენტული სტაციონარის კომპონენტი უცვლელი დარჩება. გეგმიური სტაციონარი დაუფინანსდებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხარჯები 500 ლარს გადააჭარბებს.

ეს კატეგორია ისარგებლებს პრივილეგიით, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

შეუნარჩუნდებათ ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები.

მიეცემათ გარდამავალი ეტაპის შეღავათები.

  • მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა – 102 000 ადამიანი.

ამ კატეგორიას საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოსულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

  • 6-18 წლის მოზარდები – 503 000 ადამიანი.

ამ კატეგორიასაც, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოსულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

მშობიარობის დაფინანსება ყველა კატეგორიას, შემოსავლის მიუხედავად, უცვლელად შეუნარჩუნდება.

რაც შეეხება ონკოლოგიური ხარჯების დაფინანსებას, ყველაზე შემოსავლიან კატეგორიას (40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლით) არ ექნება სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური დაფინანსება. საშუალო შემოსავლიან პირებს დარჩებათ დაფინანსება ქიმიოთერაპიასა და ჰორმონოთერაპიაზე წვდომა, როგორც აქამდე ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა კერძო დაზღვევა. ხოლო ყველა დანარჩენ კატეგორიას ჰორმონთერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან ერთად სხივური თერაპიაც დაუფინანსდებათ, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა მათ კერძო დაზღვევა.

ყველა ვერტიკალური დაფინანსების პროგრამით, როგორიცაა, მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ყველა კატეგორიაში შემავალი ჯგუფები ისარგებლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი