ახალი ამბები

ომბუდსმენმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

16 მარტი, 2017 • 1242
ომბუდსმენმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ჯოზეფ კანატაჩის.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მოწვევის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ინდივიდუალური თუ უფრო ფართო, სისტემური ხასიათის უფლებადარღვევათა გარემოებების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოვლენა.

“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით; ასევე, ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაში, თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო გარანტიებისა, საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის.

მოწვევის წერილში სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განიხილა. ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შექმნის მნიშვნელობაზე; ასევე მიუთითა, რომ ახალი კანონის მიღების მიუხედავად, კვლავ დღის წესრიგში დგას ე.წ. მოსმენების საკანონმდებლო რეგულაციების და მისი კონტროლის მექანიზმის ეფექტურობის საკითხი,”- აცხადებს ომბუდსმენი.

ობუდსმენის აპარატის განცხადებით, სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა შემუშავდეს რეკომენდაციები, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი