ახალი ამბები

ომბუდსმენი მთავრობას: ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შეიქმნას

16 მარტი, 2017 • 1282
ომბუდსმენი მთავრობას: ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შეიქმნას

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ცენტრალურ დონეზე მოქმედი მონიტორინგის სახელმწიფო ორგანო, რომელიც ბავშვთა სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხებს გააკონტროლებს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა განისაზღვროს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ზედამხედველობის მექანიზმი.

ომბუდსმენის აზრით, აუცილებელია, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ითანამშრომლონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვისა და ამ კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

საქართველოში ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში, თემსა თუ რეგიონებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და  ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში, წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი იშველიებს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2015-2016 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგს, რომლის მიხედვით, სასმელი წყლის 129 სინჯი აიღეს. საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას, არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე რეკომენდაციით 2016 წლის 14 მარტს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი