ახალი ამბები

“გუგლი” მოიხმარეთ და “ეთნიკური ჯგუფის” განმარტება წაიკითხეთ – კალაძე საკუთარ განცხადებაზე

15 მარტი, 2017 • 5247
“გუგლი” მოიხმარეთ და “ეთნიკური ჯგუფის” განმარტება წაიკითხეთ – კალაძე საკუთარ განცხადებაზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ “ტელეიმედის” ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ბათუმში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა.


კახა კალაძის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:


“ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა,ბათუმელები შეაწუხეს ეს რამდენიმე დღე ერთი და იგივეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. ძალიან კარგად ვიცი რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის.

1. ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა,რომ
არა მცდელობა რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ.

2. ასე რომ მგონი ვინც ეს დღეებია ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე.

3. კიდევ ერთხელ ავხსნი იმას რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით, იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო, – თათრის ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის- დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც კონფესიურობის ნიშნის მიხედვით ყველაზე საზიზღარი ფორმით- დამაკნინებელი წოდებით „თათარი“, რომელიც თავისთავად ცხადია ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს , და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს. :)

4. და ბოლოს – ისევ და ისევ გუგლი – მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ.

მგონი ყველასთვის გასაგებია ხომ რატომ აირჩა შეურაცხყოფისთვის და დაძაბულობის კერის შესაქმნელად სიტყვა თათარი.

სამწუხაროა – ის, რაც მტერმა ვერ მოახერხა ბათუმში , თავისი პირადი ამბიციების და ინტერესების გამო, გაატირაჟა რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა. ცოტა ფრთხილად ბატონებო ქვეყნის მოსახლეობის გამოყენებისას ასეთ მტკივნეულ და საჩოთირო თემებში!”


12 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ “თუ გადავხედავთ განცხადებებს, აშკარად გამოჩნდება ის პოლიტიკური ძალა, თუ ვის ინტერესში იყო, მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე.” ვიცე–პრემიერის ამ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. “რესპუბლიკელების” ერთ–ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში მომხდარ აქციასთან კავშირში კუთხურობაზე საუბარი უსაფუძვლოა. მან კახა კალაძეს სიფრთხილისკენ მოუწოდა და ბოდიშის მოხდა ურჩია. ბერძენიშვილის თქმით, ბათუმის აქციის კუთხურობასთან დაკავშირება არც ჭკვიანურია და არც სწორი.

კახა კალაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განმარტებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზეა საუბარი, ვისაც ის სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.


12 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი