ახალი ამბები

ელისო კილაძის შვილის საქმის სამართლებრივი დეტალები

15 მარტი, 2017 • 5742
ელისო კილაძის შვილის საქმის სამართლებრივი დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს, რომელიც თავს უკანონო პატრიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარშილაძეს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა  2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს, ხოლო საქმე ქრონიკა პლუსის ხელისუფლებისადმი კრიტიკული საქმიანობის გამო შეუკერეს. როგორც ირკვევა, ხარშილაძე 13 მარტს თბილისში ბოჭორიშვილის ქუჩაზე დააკავეს. ელისო კილაძეს ვკითხეთ, რა მიზნით მივიდა ხარშილაძე ამ ადგილას?

“ის იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე ლომბარდში, რადგან მას უნდა გადაეხადა თანხა და ამ მომენტისათვის დაურეკა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც არის პოლიციის ინფორმატორი და თხოვა, რომ მისულიყო ამ ადგილას. ეს იყო მისი ნაცნობი შეიძლება ითქვას, რომ მეგობარიც”, – გვითხრა კილაძემ.

დავით ხარშილაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებისას პოლიციამ მის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ის ამბობს, რომ ასფალტზე დააწვინეს. ბრალდების მხარის განმარტებით ამის მიზეზი იყო ის, რომ ხარშილაძე გაქცევას შეეცადა. ხარშილაძემ განაცხადა, რომ ჩხრეკისას პოლიციელებმა მას თავზე კურტკაზე მიმაგრბეული ქუდი ე.წ. კაპიშონი გადააფარეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან საკუთარ ჯიბეებზე კონტროლი დაკარგა, რადგან პოლიციელებმა მიწაზე წააქციეს. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამ დროს ჩაუდეს ნარკოტიკი, რომელიც ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა პოლიციელების ჩვენებებთან და ლაბორატორიულ დასკვნასთან ერთად.

იგი აცხადებს, რომ დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები და მთელი რიგი პროცედურები, რადგან პოლიციელებმა არ განუმარტეს რის გამო იყო დაკავებული და არც მისი უფლებები აუხსნიათ, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. მოსამართლე ვეფხია ლომიძემ პროკურორებს დავით მესტვირშვილსა და ვაჟა თოდუას ამ ინფორმაციით დაინტერესებისაკენ მოუწოდა, რაზეც ეს უკანასკნელები დაეთანხმნენ.

გარდა ამოღებული ნარკოტიკებისა საქმეში მტკიცებულებების სახით დევს 3 პოლიციელის ჩვენება და ლაბორატორიული დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხარშილაძე ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ელისო კილაძეს ვკითხეთ, როგორ ხსნის იგი ამას?

“მას პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩაუტარდა ნარკოტესტი, ის იყო სუფთა, გარეგნული დათვალიერების მიხედვითაც ნარკოტიკული თრობა არ აღენიშნებოდა. ამის შემდეგ [ბიოლოგიური] მასალის გარკვეული ნაწილი დაილუქა და სხვაგან გაიგზავნა ლაბორატორიაში. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. დალუქულ მასალაშიც კი ზუსტად ის ნივთიერება ამოუვიდა, რაც მას ჩაუდეს. ცხადია, რომ ეს არის გაყალბებული. ჩემი შვილი არც ნარკომანია და არც ნარკორეალიზტაორი. მას ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და წარმოუდგენელია, რომ ეს პრეპარატები ფიზიკურად მიიღოს”, – ამბობს ელისო კილაძე.

დავით ხარშილაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ დანაშაულს ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით: ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ელისო კილაძემ გვითხრა, რომ ხარშილაძე მასთან მუშაობდა გაზეთში  ოფის-მენეჯერად, ხელფასის სახით კი ხელზე 300 ლარს იღებდა. კილაძის თქმით, მისი ინფორმაციით, ნარკოტიკის ის ოდენობა, რომელსაც გამოძიება მის შვილს ედავება, შავ ბაზარზე დაახლოებით 20 000 ლარი ღირს [განახლება: მოგვიანებით კილაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ 12 000 ლარი ღირს]. კილაძე სვამს შეკითხვას? როგორ იყიდდა ადამიანი, რომელსაც 300 ლარი აქვს ხელფასი ძვირადღირებულ ნარკოტიკს. სასამართლოზე ხარშილაძემ განაცხადა, რომ ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მატერიალურად კი მშობლები ეხმარებიან. მოსამართლე დაინტერესდა მშობლების შემოსავლებითაც: ბრალდებულმა თქვა, რომ ჯამური თანხა დაახლოებით 2000 ლარია.

პროკურორებმა დღეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ხარშილაძე ნარკოტიკებს დაუდგენელ ვითარებაში დაეუფლა. სხდომის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთმა პროკურორ ვაჟა თოდუას ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას იმაზე თუ რა გარემოებაში შეიძინა ბრალდებულმა ნარკოტიკი, ვისგან და სად იშოვა ფული?

“გამოძიება მიმდინარეობს, ჩატარდება ყველა აუცილებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები იმ პირის დასადგენად, ვინც მასზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა”, – გვითხრა პროკურორმა.

ელისო კილაძე მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მისი შვილი ივანიშვილის მძევალია.

“ჩემი შვილი ციხეში იჯდება იმდენი ხანი, რამდენიც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი იქნება. ის არის ივანიშვილის პირადი პატიმარი”, – ამბობს ელისო კილაძე.

დავით ხარშილაძე კი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს იყოს მძევალი და შიმშილობას იწყებს. ხარშილაძის თქმით, მას გადატანილია ქვს მძიმე ტრავმა თავის ქალაზე, ამიტომ სუსტი ჯანმრთელობის გამო შიმშილობას მხოლოდ 10-15 დღე გაუძლებს. “მოგიწევთ ჩემს გვამზე გადაბიჯება”, – ამბობს ხარშილაძე და მისი საქმის არსებითად სწრაფად განხილვას მოითხოვს.

შსს თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ დავით ხარშილაძე ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ იგი ნასამართლევი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი