ახალი ამბებიეკონომიკა

გუდვილის კრედიტორთა ნაწილის მოთხოვნა რიგგარეშე კრების მოწვევაზე და კომპანიის პასუხი

16 მარტი, 2017 • 3271
გუდვილის კრედიტორთა ნაწილის მოთხოვნა რიგგარეშე კრების მოწვევაზე და კომპანიის პასუხი

“გუდვილის” კრედიტორთა ნაწილი კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელმეორედ მიმართავს.  როგორც მალხაზ ალბორაშვილი ამბობს, რომელიც “გუდვილის” ორ კრედიტორს წარმოადგენს, რეაბილიტაციის პროცესი სააქციო საზოგადოებაში 2013 წელს დაიწყო. “გუდვილს” ალბორაშვილის ინფორმაციით, კრედიტორებისთვის 27 მილიონ ლარამდე აქვს გადასახდელი. ეს თანხა კი ამ დროის განმავლობაში გაყინულია. მისი თქმით, კრედიტორები საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და კრედიტორთა რიგგარეშე  კრების მოწვევას ითხოვენ.

თავდაპირევლად კრედიტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლო მიმართეს, რომელმაც მათი მოთხოვნა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ დააკმაყოფილა.  კომპანიამ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ კრედიტორების მოთხოვნა პირველ ინსტანციაში დააბრუნა და კრების მოწვევის მიზეზების დასაბუთება მოსთხოვა. კრედიტორთა ნაწილს სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია.

ტარიელ ჩოჩიშვილის თქმით, რომელიც”გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის აღმსარულებელ საბჭოს ხელმძღვანებლობს, სასამართლოს კომპეტენცია კანონის მიხედვით, ისაა, რომ დაადგინოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შედის თუ არა კრედიტორთა კომისიის კომპეტენციაში, ასევე დაადგინოს, კრების მოწვევას ითხოვს თუ არა კრედიტორთა საერთო დაფიქსირებული მოთხოვნის  არანაკლებ 10%-ის მატარებელი კრედიტორები და დაადასტუროს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები:

“სასამართლო კანონის თანახმად, ახდენს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას. ეს არის კრედიტორთა ინფორმირება, კრების მოწვევასთან დაკავშირებით, დროის თარიღის განსაზღვრა და შემდგომ ამისა კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადასტურება. დისკრეცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოიწვიოს კრება, გააჩნია მხოლოდ კრედიტორთა საერთო დაფიქსირებული მოთხოვნის  10%-ის მატარებელ კრედიტორებს, რეაბილიტაციის მმართველსა და მოვალეს,”  – ამბობს ჩოჩიშვილი.

მისი თქმით,  ამ შემთხვევაში, კრების მოწვევის ინიციატორები იყვნენ კრედიტორები, რომლებიც დაფიქსირებული მოთხოვნის 30%-ის მატარებლები იყვნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კი მათ შორის, რეაბილიტაციის მმართველის ცვლილება და გუდვილის რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა, კანონის თანახმად კრედიტორთა კომპეტენციაა. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება და ამას ამ კუთხით, გამოცდილების ნაკლებობას უკავშირებს. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ჩოჩიშვილის თქმით, დამატებითი წინაღობა შეიქმნა, რომელიც დაძლევადია, თუმცა პროცესს დროში ახანგრძლივებს, რაც მათ ბიზნეს ინტერესებს აზარალებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუგებრად მიჩნევს მალხაზ ალბორაშვილიც, რომელიც გუდვილის ორ კრედიტორს წარმოადგენს. მისი თქმით, თუკი კრედიტორთა კრება არ იქნება მოწვეული, კრედიტორები საკუთარი უფლებების რეალიზებას ვერ შეძლებენ:

“კრებაზე ახორციელებენ კრედიტორები თავიანთი უფლებების რეალიზაციას, კრებაზე ხდება საკითხების განხილვა, კრებაზე ხდება კრედიტორების მიერ ერთმანეთის მიმართ შეკითხვების დასმა და იქ ხდება აზრის ჩამოყალიბება და შემდეგ, ხმის მიცემის დროს აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და თუ კრების მოწვევა ვერ მოხდა იქ, კრედიტორები თავიანთი უფლებების რეალიზებას ვერ მოახდენენ. ამ შემთხევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ ისევ კრედიტორთა უფლებები რომ არ დაირღვესო, წინასწარ დაასაბუთეთო. ამიტომ, ურთიერთსაწინააღმდეგოა სასამართლოს გადაწყვეტილება – ჩვენი უფლებეის შეზღუდვა ისევ და ისევ კრედიტორთა დაცვის მოტივაციით,” – ამბობს ალბორაშვილი.

“ნეტგაზეთი” სააქციო საოგადოება “გუდვილსაც” დაუკვაშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ კრედიტორთა ამ ჯგუფის განზრახვა შეიცვალოს, რეაბილიტაციის მმართველი, მიმართულია კომპანიის ხელში ჩაგაგდებისა და “გუდვილზე” კონტროლის მოპოვებისკენ:

“ამას აშკარად ადასტურებს მათ მიერ წარმოდგენილი რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ახალი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კრედიტორებს სურთ ჰყავდეთ მიკერძოებული რეაბილიტაციის მმართველი და დირექტორს შეეზღუდოს სრულად წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც თავის მხრივ გულისხმობს რეაბილიტაციის მმართველისა და კრედიტორთა გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების გასაჩივრების შესაძლებლობის მოსპობას, რაც ეწინააღმდეგება არათუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საწარმოს დირექტორი, არამედ საქართველოს კონსტიტუციასაც კი,” – ნათქვამია “გუდვილის” განცხადებაში, რომელიც კომპანიამ “ნეტგაზეთის” კითხვების საპასუხოდ მოგვაწოდა.

ალბორაშვილის თქმით, რომელიც გუდვილის ორ კრედიტორს წარმოადგენს, ისინი კიდევ ერთხელ მიმართავენ სასამართლოს პირველ ინსტანციას და მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებიან, მაინც გაითვალიწინებენ სააპელაციო სასამართლოს რეკომენდაციას, თუმცა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლომ რომელიმე მხარე მას გაასაჩივრებს და საკითხი დროში გაიწელება, რაც მათ ბიზნეს ინტერესებს აზიანებს.

კომპანია კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ გუდვილი ყოველთვის ხელს უწყობდა კონკურენტული გარემოს შექმნას მომწოდებლებისთვის (ამ შემთხვევაში კრედიტორთათვის), კვლავაც გააგრძელებს ამ პოზიციაზე ყოფნას და არ დაუშვებს მხოლოდ რამდენიმე კრედიტორის პირადი ინტერესების გატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი