ახალი ამბები

დიმა ობოლაძე “იმედზე” სპორტული დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

15 მარტი, 2017 • 9519
დიმა ობოლაძე “იმედზე” სპორტული დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

დიმიტრი (დიმა) ობოლაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2″–დან, 21 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ტელეკომპანია “იმედში” გადავიდა, სადაც სპორტული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს და “ქრონიკის” სპორტულ ბლოკს გაუძღვება. ინფორმაცია ტელეწამყვანმა თავად დაგვიდასტურა.

“მქონდა კარგი წინადადება, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები სპორტის კუთხით და შევთანხმდით პირობებზე. დაველაპარაკე “რუსთავი 2″–ის ხელმძღვანელობას და უმტკივნეულოდ ჩაიარა ამ პროცესმა. შევიცვალე სამსახური, მეტი არაფერი. მარტო სპორტულ ბლოკს არ წავიყვან “იმედზე”, ზოგადად სპორტის დეპარტამენტს ვუხელმძღვანელებ და მივხედავთ სპორტს მაგ არხზე. ამით ჩემი თანამშრომლობა დასრულდა “რუსთავი 2″–თან, მაგრამ ჩემი მეგობრები არიან იქ და ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რა თქმა უნდა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დიმა ობოლაძემ.

ტელეწამყვანი “რუსთავი 2″–ის მენეჯმენტთან დაპირისპირებას ან პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავს. როგორც ობოლაძე აცხადებს, ის ყოფილ თანამშრომლებთან მეგობრულ ურთიერთობას განაგრძობს:

“ჩემთან ვის უნდა ჰქონოდა დაპირისპირება? 21 წელია არავისთან მქონია დაპირისპირება და არც მექნება არცერთ არხზე, არცერთ ადამიანთან. საერთოდ, პოლიტიკასთან მე ჩემი აზრი მაქვს და ეს ჩემთვის აბოსლუტურად განყენებული თემაა. მე ვამბობ, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში. არავითარი პოლიტიკა, არავითარი… არც მომავალში იქნება ეს.”

დიმა ობოლაძის “ტელეიმედში” გადასვლას “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარმია “ფეისბუკში” გამოეხმაურა. მან ეს ფაქტი ატილიო ლომბარდოს იტალიის “სერია A”-ს ერთ–ერთი საუკეთესო გუნდიდან ინგლისის “პრემიერ ლიგის” საშუალო დონის საფეხბურთო კლუბში გადასვლას შეადარა.

დიმა ობოლაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სპორტის მიმომხილველი და გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანი იყო. ტელეწამყვანი და სპორტის კომენტატორი “რუსთავი 2″–თან 21 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი