ახალი ამბები

ძალოვანი უწყებების “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე”

15 მარტი, 2017 • 2838
ძალოვანი უწყებების “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე”

“ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” – ასე ჰქვია კვლევას, სადაც საუბარია, რამდენად აქტიურად იყენებდა პარლამენტი კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფორმატებს – დაებარებინა პარლამენტში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, დაესვა მათთვის კითხვები და მოეთხოვა ანგარიშები.

კვლევა ვახუშტი მენაბდის ხელმძღვანელობით საინიციატივო ჯგუფმა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ჩაატარა. როგორც კვლევიდან ვიგებთ, ზოგიერთი მოწვევის პარლამენტს საერთოდ არ აქვს გამოყენებული აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ზოგიერთი ფუნქცია.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე.

კვლევის ავტორების განმარტებით, ეს უწყებები აარჩიეს, რადგან, “სწორედ აქ არის კონცენტრირებული სახელმწიფოს ძალაუფლების ყველაზე უხეში ნაწილი” და მათი ეფექტური საპარლამენტო კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტს (2012-2016 წლები) არცერთხელ არ გამოუყენებია სამთავრობო საათის მექანიზმი, სადაც პარლამენტს საშუალება აქვს, მოიწვიოს და შეკითხვები დაუსვას მინისტრებს. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს სამთავრობო საათზე მინისტრის ნაცვლად მისი მოადგილის წარდგომის პრაქტიკა, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.

შინაგან საქმეთა მინისტრებს, 2004-2016 წლის განმავლობაში, პარლამენტმა 59 კითხვა დაუსვა. კვლევის თანახმად, 59-დან 9 შემთხვევაში, შს მინისტრებმა კითხვები პასუხის გარეშე დატოვეს, თუმცა, ამას პარლამენტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 2005-2006, ასევე 2008-2016 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრების მიმართ პარლამენტარებს არცერთი კითხვა არ დაუსვამთ.

როდესაც პარლამენტარები კითხვით მიმართავენ თანამდებობის პირებს, მათ ვალდებულება აქვთ, კითხვის მიღებიდან 15 სამუშაო დღეში გასცენ პასუხი. ანგარიშში წერია, რომ კითხვის ადრესატი, უმრავლეს შემთხვევაში, კითხვას თავად არ სცემა პასუხს.

კვლევის თანახმად, პარლამენტი არაეფექტურად იყენებს თავის თავის საკონტროლო ფუნქციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე. კერძოდ, სუს-ის საქმიანობის ანგარიში პარლამენტში კანონით დადგენილ ვადაში არ წარდგენილა და წარდგენა ორჯერ გადაიდო.

ასევე, ავტორები მიიჩნევენ, რომ სუს-ის უფროსის კანდიდატურის პრემიერის მიერ წარდგენა “პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული შედეგების დადგომის რისკს ზრდის” და ჯობს, კანდიდატი პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინოს.

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. კვლევის ავტორების რეკომენდაციით, სამსახურის ხელმძღვანელი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ უნდა ინიშნებოდეს და პრეზიდენტის წარდგინებითვე პარლამენტმა უნდა გაათავისუფლოს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და საბჭოს მდივანი პრემიერის წინაშე არის ანგარიშვალდებული. კვლევაში ვკითხულობთ, რომ კრიზისების საბჭოს ანალიტიკურო საქმიანობით მიღებული პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და პარლამენტი ადრესატთა შორის არ არის.

რეკომენდაციის თანახმად, კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს  და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს შეეძლოთ საბჭოს წევრობა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კვლევის თანახმად, უმთავრესად ორიენტირებულია ნორმადშემოქმედებით საქმიანობაზე, კანონპროექტების შეფასეაბაზე, კომენტირებაზე, დასკვნების გაცემაზე და ნაკლებად – საკონტროლო უფლებამოსილების განხორციელებაზე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს რამდენიმე ორგანოს ერთდროულად უწევს კონტროლს, რაც, კვლევის თანახმად, მის საქმიანობას ართულებს. ავტორების მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ თავდაცვის კომიტეტში შეიქმნას ქვეკომიტეტი, რომელიც მის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

“უმეტეს შემთხვევაში, პოლიტიკური მხარდაჭერა თუ ჰქონდა გამოხატული პოლიტიკურ გუნდს, არ ხდებოდა შემდგომ არანირი კრიტიკა, არანაირი ანგარიშვალდებულება, რასაც საბოლოო ჯამში, მივყავდით იქამდე, რომ ვიღებდით უკონტროლო, არაკონტროლირებად და ზოგიერთ შემთხვევაში, თვითნებურ გადაწვეტილებებს საპოლიციო და უსაფრთხოების სისტემაში,”- ამბობს გიორგი ბურჯნაძე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი.

გიორგი ბურჯანაძე კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

გიორგი ბურჯანაძე კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

სუსტი საპარლამენტო კონტროლი – პარლამენტის აპარატის მენეჯმენტის გამო?

“სათაური დრამატულად ჟღერს, თუმცა, სინამდვილეს, არსებითად, ვიტყოდი, შეესაბამება,”- განაცხადა პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც კვლევის პრეზენტაციის დასკვნით ნაწილს დაესწრო. მისივე თქმით, სუსტია პარლამენტის რესურსები როგორც კანონშემოქმედებით, და ასევე კონტროლის სფეროში.

ირაკლი კობახიძემ ამ პრობლემის სამი ძირითადი მიზეზი გამოყო:

[checklist]

  • მმართველობის სისტემის ფუნქციონირება – “საქართველოში მთელი ამ 20-25 წლის განმავლობაში, იქ, სადაც მმართველობის სისტემა, ზოგადად, არაეფექტურად ფუნქციონირებს, ბუნებრივია, მისი კონკრეტული ელემენტებიც არ არის ეფექტური”.
  • პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი – “იქ, სადაც განვითარებულია პარტიული სისტემა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობები კონსტრუქციულ ხასიათზე ატარებს, უფრო ეფექტურად მუშაობს საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტები. ჩვენთან ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები”.
  • პარლამენტის მენეჯმენტის პრობლემები – პარლამენტის აპარატი, ხშირ შემთხვევაში, არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, რაც უარყოფითად აისახება საპარლამენტო კონტროლის შინაარსზე და ხარისხზე”.

[/checklist]

ირაკლი კობახიძე კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

ირაკლი კობახიძე კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პარლამენტის აპარატის მენეჯმენტში არსებულ ხარვეზებზე. მისი თქმით, საპარლამენტო უმრვლესობას აქვს ეფექტური კონტროლის განხორციელების ინტერესი, თუმცა, ამას ხელს აპარატში არსებული პრობლემები უშლის.

“როდესაც მოდის მთავრობა ბიუჯეტის პროექტით, ან ეკონომიკური პაკეტით, შენ უნდა დაახვედრო შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან სათანადო, ხარისხიან დიალოგში შეხვიდე. დეპუტატებს, სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ზურგი და ეს ზურგი უნდა გაუმაგროს პარლამენტის აპარატმა. თუ ეს ზურგი არ აქვს პარლამენტის დეპუტაციას, ამ შემთხევევაში, უმრავლესობის მხრიდან კონტროლი, განსაკუთრებით, არის ნაკლებად ეფექტური. შემიძლია მთელი სითამამით ვთქვა, რომ თუ გამოსწორდება ხარვეზები პარლამენტის აპარატის მენეჯმენტში, ეს პირდაპირ აისახება საპარლამენტო კონტროლის შინაარსზე,”- ამბობს კობახიძე.

“პარლამენტი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის მიმართ”

კვლევის პრეზენტაციაზე მივიდა მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კვლევის რეკომენდაციებს კანონმდებლობაში და რეგლამეტში ცვლილების შეტანის შესახებ ეთანხება.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, “პარლამენტის ცალკეული წევრები არ იყვნენ ანგარიშვალდებულები უშიშროების სამსახურების მიმართ და პირიქით იყოს ეს ყველაფერი”.

უსუფაშვილის თქმით, ეს პრობლემა საქართველოში დიდი ხანია არსებობს და ბოლო წლების განმავლობაშიც ვერ შესუსტდა.

“საჭიროა ძალისხმების გაერთიანება იმისთვის, რომ უშიშროების სამსახურები, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მობილიზებული სამსახურები მთავრობის უსაფრთხოებას არ ემსახურებოდნენ. ეს არის ძირითადი პრობლემა. ჩვენ სერიოზული რეფორმა განვახორციელეთ, როდესაც პოლიციის და უშიშროების სამსახურები გავყავით ერთმანეთისგან და კანონის დონეზე, მონსტრი, რომელიც მანამდე არსებობდა, დავშალეთ, მაგრამ, ერთი მონსტრის დაშლით თუ ორ მონსტრუკას მივიღებთ, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება,”- ამბობს დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილი ქორთიარდ მარიოტში, კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 15.03.2017

დავით უსუფაშვილი ქორთიარდ მარიოტში, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 15.03.2017

დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა, რატომ არ გამოდიოდა მთავრობის წევრების ანგარიშების მოსმენა მერვე მოწვევის პარლამენტში. მისი განმარტებით, ოპოზიცია ამას იყენებდა, როგორც “სკანდალების მოწყობის შესაძლებლობას”, ხოლო უმრავლესობა ყველა ღონეს ხმარობდა იმისთის, რომ “უშიშროება და ზოგადად, მთავრობა დაეცვა ოპოზიციის შეტევისგან”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი