ახალი ამბები

რა ცვლილებები უნდა აისახოს კონსტიტუციაში – ომბუდსმენის რეკომენდაციები

15 მარტი, 2017 • 1911
რა ცვლილებები უნდა აისახოს კონსტიტუციაში – ომბუდსმენის რეკომენდაციები

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში რამდენიმე საკითხს აყენებს. მათ შორის არის სოციალური უფლებები, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და გენდერული თანასწორობის საკითხები.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში სოციალური უფლებები აისახოს და შეიქმნას სოციალური უფლებების განხორციელების ქმედითი საკონსტიტუციო გარანტიები. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს ჩანაწერს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის შესახებ.

“ათწლეულების გამავლობაში ქვეყანაში არსებული შრომითი უფლებების დარღვევის სიმწვავე ცხადყოფს მათი აღმოფხვრისა და პრევენციისთვის კონსტიტუციური ზედამხედველობის ორგანოს შექმნის აუცილებლობას,” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში წარდგენილი წინადადება, რომლის მიხედვით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კონსტიტუციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი:

“დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის საგანს. მსგავსი მექანიზმის შექმნის კონსტიტუციით უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის აღმოფხვრისა და პრევენციის აუცილებელი პირობაა.”

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულების ინტეგრირების წინადადებით გამოდის.

“ინტერნეტის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ფასდაუდებელია. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად იქნა აღიარებული და მნიშვნელოვანია ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებდეს,” – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოვების ინიციატივითაც მიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება უნდა გაცდეს “ნორმათა კონტროლის მოდელს და უნდა განახორციელოს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციური კონტროლი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით.”

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული უთანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ფონზე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პრიორიტეტულად განიხილებოდეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ინიციატივები.

სახალხო დამცველი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსტიტუციით განისაზღვროს საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო სტაბილურობის გარანტიები. ასევე მოხდეს კონსტიტუციის დონეზე საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეუხებლობის გარანტიების განმტკიცება.

მასალების გადაბეჭდვის წესი