ახალი ამბები

2016 წელს სარეკლამო SMS-ების მარკეტინგის წესის დარღვევისთვის 27 ორგანიზაცია დააჯარიმეს

15 მარტი, 2017 • 2036
2016 წელს სარეკლამო SMS-ების მარკეტინგის წესის დარღვევისთვის 27 ორგანიზაცია დააჯარიმეს

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა 2016 წლის განმავლობაში სარეკლამო ხასიათის SMS-ების საშუალებით განხორ­ციელებული პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის ფაქტზე 27 ორგანიზაცია დააჯარიმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის შესწავლის მოთხოვნით აპარატს 48 მოქალაქემ მომართა. აქედან,  პირდაპირი მარკეტინგის კანონით განსაზღვრული წესების დარღვევის 30 შემთხვევა გამოვლინდა. 27 შემთხვევაში მოხდა ჯარიმის დაკისრება, ხოლო 3 შემთხვევაში სანქცია ვერ შეეფარდა, კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო სატელეფონო ზარების საშუალებით განხორციელებული პირდაპირი მარკეტინგი.

“გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა შეეხებოდა სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით განხორციელებულ სარეკლამო შეთავაზებებზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობას ან მათი ხარვეზებით ფუნქციონირებას. კომპანიები, რომლებიც საქონელსა თუ მომსახურებას სატელეფონო ზარების მეშვეობით სთავაზობდნენ მოქალაქეებს, არ აწვდიდნენ ინფორმაციას მისი უფლების შესახებ, რომ შეუძლიათ მოითხოვონ მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.”

ამავე ანგარიშით, ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქის მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის შემდგომ მათ კვლავ უკავშირდებოდნენ, მოქალაქეებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას მათი მონაცემების მოპოვების წყაროს შესახებ და ა.შ.

საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის გადაწყვეტილებით, არაერთ კომპანიას დაევალა, სატელეფონო ზარის საშუალებით პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე.

“საანგარიშო პერიოდში განცხადებების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქეები კრედიტის გამცემი ორგანიზაციებისგან (ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინსესხების კომპანიებისგან) ხშირად იღებდნენ სესხის დამტკიცების შესახებ შეტყობინებებს. ამგვარ შეტყობინებებს მოქალაქეები იღებდნენ ორგანიზაციების ინიციატივით, იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული სესხის მიღების მოთხოვნით მოქალაქეებს მათთვის არ მიუმართავთ. სესხის დამტკიცების შესახებ გაგზავნილი შეტყობინებები კი არ შეიცავდა მათ შემდგომ მიღებაზე უარის თქმის მექანიზმს.”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არაერთმა მოქალაქემ მიმართა წინასაარჩევნო პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 19 სექტემბრიდან მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სახელით მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების თაობაზე.

ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების ფარგლებში ერთ-ერთ მობილური ოპერატორი, ნებისმიერ პირს აძლევდა შესაძლებლობას, ესარგებლათ ჯგუფური მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში შემკვეთ პირებს ეძლევათ საშუალება, კორპორაციული სმს პორტალის მეშვეობით გაგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, როგორც მათ მიერ მოძიებულ და ფორმირებულ მონაცემთა ბაზებზე, ასევე ზემოაღნიშნული მობილური ოპერატორის არაიდენტიფიცირებულ მონაცემთა ბაზებზე, შესაბამისი სეგმენტების მიხედვით.

2016 წელს ინსპექტორმა შეისწავლა აღნიშნული პორტალის მეშვეობით სმს-ების გაგზავნის კანონიერება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტებსა და საარჩევნო სუბიექტებს მობილურ ოპერატორთან გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მობილური ოპერატორის ვალდებულებას წარმოადგენდა, სპეციალური სმს პორტალისა და საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, სხვადასხვა აბონენტისთვის გაეგზავნა დამკვეთის მიერ ინიცირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

“საგულისხმოა, რომ მუნიციპალიტეტები და საარჩევნო სუბიექტები არ აგროვებდნენ-ამუშავებდნენ აბონენტების მონაცემებს. ამასთან, მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის მიზანს რეგიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება წარმოადგენდა. გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები კი შეიცავდა მათ შემდგომ მიღებაზე უარის თქმის (SMS OFF) მექანიზმს.  რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, მათი სახელით გაგზავნილ სმს-ებში ტექსტები ეხებოდა საარჩევნო პერიოდში კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისკენ მოწოდებას.”

ანგარიშის მიხედვით, ვინაიდან მუნიციპალიტეტები და საარჩევნო სუბიექტები თავად არ ამუშავებდნენ აბონენტების მონაცემებს, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნებოდა სმს პორტალის მეშვეობით, არაიდენტიფიცირებულ მონაცემთა ბაზებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ  საქართველოს კანონის დარღვევა არ დადგინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი