დეკანოიძის შვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს

ოპოზიციონერი ხატია დეკანოიძის ვაჟის, 18 წლის თორნიკე კოპალეიშვილის ადვოკატი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის სახით პატიმორბის შეფარდებასთან დაკავშირებით.

როგორც ადვოკატმა ლევან აფრასიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, იგი სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართავს, რაც საქალაქო სასამართლოს წერილობით დასაბუთებას ჩაიბარებს.

ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრისაგან ჯერ თავს იკავებს და ამბობს, რომ ამ ყველაფერზე მოგვიანებით ილაპარაკებს.

მისივე თქმით, თორნიკე კოპალეიშილის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომელიც ამ ეტაპზე მას ბრალდების მხარემ გადასცა, მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებებია, რომლებმაც ეს უკანასკნელი დააკავეს. ადვოკატის თქმით, კოპალეიშვილს 0.0051 გრამი ექსტაზის შეძენა/შენახვას ედავებიან.

თავის პროფესიულ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულ საქმიანობას უკავშირებს შვილის დაკავებას კიდევ ერთი ადამიანი: ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი შვილი დავით ხარშილაძეც ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს გუშინ. ელისო კილაძეც აცხადებს, რომ მისი შვილის საწინააღმდეგო მტკიცებულებები პოლიციელთა ჩვენებებია.

“გავეცანით ჩემი შვილის საქმის მასალებს, საქმეში დევს მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება და არც ერთი სხვა მტკიცებულება, პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს უხეშად დარღვეულია საპროცესო და კონსტიტუციური ნორმები. საჩივარი უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით უკვე შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში, მივმართავთ სახალხო დამცველს. საჩივრის ასლებს მიიღებს ყველა საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია”, – აცხადებს ელისო კილაძე.

პოლიცია კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა, დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. “ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, დ.ხ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პროკურატურას მტკიცებულებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. პროკურატურაში გვითხრეს, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და მას შსს აწარმოებს. შსს-ში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com