ახალი ამბები

შსს მაღალჩინოსანთა ყალბი პასპორტების შესახებ განცხადებას ავრცელებს

6 დეკემბერი, 2012 • 5378
შსს მაღალჩინოსანთა ყალბი პასპორტების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცნობით, დოკუმენტები გაცემულია ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილისს გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.

 

“გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.

 

გარდა ამისა, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც აჩვენა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს გადასცა ორი პასპორტი. გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი