ახალი ამბები

ინსპექტორის ანგარიში: 2016 წელს სასამართლომ ფარულ მოსმენაზე 315 შუამდგომლობა დააკამყოფილა

15 მარტი, 2017 • 2142
ინსპექტორის ანგარიში: 2016 წელს სასამართლომ ფარულ მოსმენაზე 315 შუამდგომლობა დააკამყოფილა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სასამართლომ სატელეფონო საუბრის მიყურადებაზე 315 შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, 30 ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო 56 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს ისმენენ.  ანგარიშის თანახმად,    ინსპექტორის აპარატში რეგულარულად წარმოებს წარმოდგენილი სასამართლო განჩინებებისა და პროკურორის დადგენილებების როგორც სტატისტიკური, ასევე შინაარსობრივი ანალიზი, ასევე _ მონაცემების შედარება უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებთან.

“წინა წელთან შედარებით მცირედით არის გაზრდილი სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების მაჩვენებელი და ყველაზე ნაკლები რაოდენობით განჩინებები კვლავ საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების კონტროლს ეხება.  ზოგადად, წინა წელთან შედარებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა გაზრდილია, რასაც ცხადყოფს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები.

რაც შეეხება სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას, წინა წელთან შედარებით 28 ერთეულით არის გაზრდილი ინსპექტორის აპარატში შემოსული მოსამართლის განჩინებების რაოდენობა, ხოლო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობების რაოდენობა 2016 წელს 6-ით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წელს,” – აღნიშნულია ანგარიშში.

2016  წელს ინსპექტორმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 47 შემთხვევაში არ გასცა თანხმობა მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმების დროს გამოვლენილი ტექნიკური შეცდომის ან განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა/ბუნდოვანების გამო. ანგარიშის თანახმად, არსებული ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, თანხმობა გაიცა.

 

ინსპექტორის სტატისტიკა ფარული მიყურადების შესახებ

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, რომლებიც შეეხებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და მონაცემთა ბანკებში აქტივობების განხორციელების პროცედურულ, ტექნიკურ და სამართლებრივ ნაწილებს.

“ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცა გარკვეული სახის რეკომენდაცია/დავალებები და მათი შესრულებისთვის განისაზღვრა შესაბამისი ვადა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტმა ინსპექტორის გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა გაცემული რეკომენდაციების/დავალებების შესრულების შესახებ ინფორმაცია.”

2016 წელს დაფიქსირდა ინსპექტორის შეტყობინების ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის 10 შემთხვევა როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მხრიდან:

“კანონის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის მოტივირებული დადგენილების ერთი ეგზემპლარი მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. აღნიშნული ვალდებულების შესრულების ფაქტებზე საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 9 შემთხვევასთან დაკავშირებით შეამოწმა საქართველოს მთავარი პროკურატურა. შემოწმების შედეგად 6 შემთხვევაში დადგინდა, რომ დადგენილების ერთი ეგზემპლარი არ წარმუდგენიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის.

მიზეზად საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ პროკურორის დადგენილების წარმოუდგენლობა განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, დროის უმოკლეს პერიოდში, სისხლის სამართლის საქმეებზე ერთდროულად მრავალი გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაგეგმვა- განხორციელებით,” – წერია ანგარიშში.

ინსპექტორმა აღნიშნული განმარტება არ გაითვალისწინა და მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136- ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს საქართველოს პროკურატურის უპირობო ვალდებულებას, იმპერატიულ დანაწესს, კანონით დადგენილ ვადაში მიაწოდოს ინსპექტორს პროკურორის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოტანილი დადგენილება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინსპექტირებიდან 3 შემთხვევა კი შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის პროკურორის დადგენილების დაგვიანებით წარმოდგენას.

“შემოწმებით დადგინდა, რომ პროკურორმა გამოსცა დადგენილება და მისი ერთი ეგზემპლარი მიაწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ფაქტობრივად განხორციელდა და სასამართლომ ის კანონიერად ცნო, კერძოდ, 5 დღის დაგვიანებით. გადაუდებელი აუცილებლობით გამოცემული დადგენილებების 5 დღის დაგვიანებით წარმოდგენა ინსპექტორის აპარატში, `პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არ იქნა მიჩნეული დაუყოვნებელ მიწოდებად. ”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი