ახალი ამბები

რატომ მოეხსნა გრიფი ‘საიდუმლო’ იარაღის შესყიდვის დოკუმენტაციას

6 დეკემბერი, 2012 • • 1235
რატომ მოეხსნა გრიფი ‘საიდუმლო’ იარაღის შესყიდვის დოკუმენტაციას

ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” იურისტ თამარ კორძაიასა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველ ვაკო ავალიანს მიმართა.

 

თამარ კორძაიას თქმით, თუ შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირი გადაწყვეტს გარკვეული ინფორმაციის გასაიდუმლოებას, მან უნდა დაასაბუთოს, რომ ამის გასაიდუმლოება სახელმწიფო ინტერესს ემსახურება, შესაბამისად, ხდება ინფორმაციის გასაჯაროებისას. დასაბუთებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული ინფრომაციის გასაჯაროება ზიანს არ მოუტანს სახელმწიფოს.

 

“თუ გრიფი მოეხსნა ისეთ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ იარაღი თვითღირებულებაზე გაცილებით მეტ  ფასადაა შეძენილი, მაშინ მისი გასაჯაროება სამართლიანია და თუ ეს ასეა, საჯარო ინტერესი მაღალია, რადგან ის ამხელს კანონდარღვევას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თამარ კორძაიამ.

 

კითხვაზე, გარკვეული იარაღის შეძენის დოკუმენტაციის გასაჯაროებით ხომ არ დაზარალდება სახელმწიფო ინტერესი, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვაკო ავალიანი პასუხობს:  “სახელმწიფო ინტერესი რომ დაზარალებულიყო, რა თქმა უნდა, გრიფი არ მოეხსნებოდა და ეს საჯარო ვერ გახდებოდა. სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება იარაღის რაოდენობა. აქ სახელმწიფოს აინტერესებს და მგონი თითოეულ მოქალაქესაც, თუ სად მიდის მოქალაქეების ფული”.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 6 დეკემბერს, მთავარ პროკურატურას გაუგზავნა მასალები, რომელიც ეხება ახალაიას მინისტრობის დროს ნახმარი იარაღის საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად შესყიდვის ფაქტს.

 

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამიინსტრომ ბაჩანა ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში შეიძინა “მოძველებული, მეორადი, შეღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

 

“დოკუმენტების თანახმად, 1 ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო, რეალურად საბაზრო ღირებულება მერყეობს 50 ევროს ფარგლებში. შესაბამისად, რადგანაც სახეზეა აშკარად დანაშაულის ნიშნები, ეს საქმე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას”, – განაცხადა ავალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი