ახალი ამბები

ზაალ ჩიქობავა: სტურუა რუსთაველის თეატრში ისედაც პირველ პერსონად დარჩება

6 დეკემბერი, 2012 • 3536
ზაალ ჩიქობავა: სტურუა რუსთაველის თეატრში ისედაც პირველ პერსონად დარჩება

ჩიქობავა ამბობს, რომ კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც თავად უკვე გაეცნო, თეატრებში მმართველის ფუნქცია გაუქმდება, ყველა პასუხისმგებლობა კი სამხატვრო ხელმძღვანელზე გადავა.

 

“სამხატვრო ხელმძღვანელს კულტურის სამინისტროში შეუძლია თეატრის დირექტორად მისთვის სასურველი კანდიდატურა წარადგინოს, იქნება ყველანაირ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი. დირექტორი კი, რომელსაც საფინანსო- სამეურნეო მართვა დაევალება, სამხატვრო ხელმძღვანელის წინაშე იქნება პასუხისმგებელი,” – ამბობს ჩიქობავა. 

 

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჩიქობავა, რომ კანონპროექტის შემუშავება საჭირო გახდა იმიტომ, რომ რობერტ სტურუა ყოფილიყო რუსთაველის თეატრის ფაქტიური მმართველი, ამბობს, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 

 

“ნაკლებად მგონია, რომ სტურუამ შეაწუახა ვინმე,- კანონი შეცვალეთ იმის გამო, რომ დავინიშნო მმართველად. აქ უფრო მგონია, რომ სხვა ადამიანები აქტიურობენ იმისთვის, რომ თავიანთი მხარდაჭერა დაანახონ მას.”

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, რომელსაც ის 1980 წლიდან იკავებდა, გაათავისუფლეს. რუსთაველის თეატრის დატოვების შემდეგ კი რობერტ სტურუა სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა.

 

რუსთაველის თეატრის მმართველის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში გოგი ქავთარაძემ და ნუკრი ქანთარიამ შეიტანეს, თუმცა, ვისი შემუშავებულია, მან არ იცის. 

 

ჩიქობავა მიიჩნევს, რომ კანონპროექტი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის გამაგრებას ნიშნავს.

 

“თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელი თუ ძლიერი რეჟისორია, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება თეატრში პირველი პერსონა. რობერტ სტურუა ისეც რომ მოვიდეს რუსთაველის თეატრში, ის მაინც პირველ პერსონად დარჩება. ასეთი კანონებით კი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის გამაგრება ხელოვნურად ხდება.”

 

ზაალ ჩიქობავა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, თეატრის დირექტორის პოსტზე გია თევზაძის კანდიდატურა იხილება.

 

“მე არ ვაპირებ საკუთარი ნებით დავწერო განცხადება წასვლაზე, არ ვათავისუფლებ მმართველის ადგილს, ვთავაზობ კულტურის სამინისტროს,  მან მიიღოს გადაწყვეტილება ჩემი გათავისფლების შესახებ და დანიშნოს ვინც უნდა. ან რას უნდა ნიშნავდეს ჩემ მიერ დაწერილი განცხადება, რომ არ ვეთანხმები თეატრში სტურუას მოსვლას და ამიტომ მივდივარ?” 

მასალების გადაბეჭდვის წესი