ახალი ამბები

თეთრაძის საქმეზე სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

6 დეკემბერი, 2012 • 1735
თეთრაძის საქმეზე სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, გლდანის მე-8 დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების  უფროსმა ინსპექტორმა სერგო ბიწაძემ,   სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან და მასთან დაახლოებულ პირ რ. მ.-სთან ერთად, მუხაძის “TOYOTA “PRADO”-ს მარკის სამსახურებრივი  მანქანით გლდანის მე-8 დაწესებულების ე.წ. “შლუზი”-დან, სადაც ავტომანქანით შესვლის უფლება მხოლოდ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულვებელყოფით, გამოიყვანა ხელბორკილდადებული პატიმარი სერგო თეთრაძე და წაიყვანა დაუდგენელ ადგილას. 

 

სერგო თეთრაძე
სერგო თეთრაძე

“დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ იმავე მანქანით სერგო  თეთრაძე დაწესებულებაში დააბრუნეს. მას აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რითაც დაირღვა სერგო თეთრაძის კანონიერი ინტერესი”, – აცხადებენ პროკურატურაში. 

 

შესაბამისად, სერგო ბიწაძეს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დაუსწრებლად წაეყენა ბრალი ალექსანდრე მუხაძესაც, რომელიც  საქართველოში არ იმყოფება.

 

შეგახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ახალი მასალები 28 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ამ საქმეზე დაკავებულია დანაშაულის უშუალო აღმსრულებელი, ყოფილი პატიმარი სისაური. დაკავებულია ასევე სერგო ბიწაძე. უკვე პატიმრობაში იმყოფებიან: ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი ტერაშვილი.

 

ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული ალექსანდრე მუხაძეს, კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს დათა ახალაიას და ასევე, შსს ყოფილ მაღალჩინოსანს გერონტი ალანიას.

 

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

განახლებული გამოძიების ვერსიით, პატიმარი თეთრაძე წამების შედეგად იქნა მოკლული.

მასალების გადაბეჭდვის წესი