ახალი ამბები

ჩუგოშვილი: რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კითხვები გამოიწვია საერთაშორისო უწყებებშიც

15 მარტი, 2017 • 2296
ჩუგოშვილი: რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კითხვები გამოიწვია საერთაშორისო უწყებებშიც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ აღსრულების შეჩერების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია საერთაშორისო უწყებებშიც.

ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა დღეს, 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

გუშინ, 14 მარტს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც “რუსთავი 2-ის” წილების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა – სერიოზული პრობლემაა, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკუთრების უფლება. ჩუგოშვილს დაუსვეს კითხვა, ეთანხმებოდა თუ არა გახარიას.

“ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია. ანუ, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშრებით შეჩერების მექანიზმი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, არ მინდა მძიმედ გამომივიდეს, მაგრამ, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია, მათ შორის, საერთაშორისო პირებშიც და სხვადასხვა საერთაშორისო უწყებაშიც, მე მქონდა ამის შესძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს არის სასამართლო, არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო, ჩვენ სრული პატივსცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრს და ვასრულებთ გადაწყვეტლებას,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება  მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა. 7 მარტს ევროსასამართლომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა გადაწყვეტილების აღსრულება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი