ახალი ამბები

ჩუგოშვილი: სტრასბურგის მოსამართლეობის მეტი კანდიდატურა გვჭირდება საუკეთესოების ამოსარჩევად

15 მარტი, 2017 • 2213
ჩუგოშვილი: სტრასბურგის მოსამართლეობის მეტი კანდიდატურა გვჭირდება საუკეთესოების ამოსარჩევად

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი კანდიდატების შიდა კონკურსის ვადამ გადაიწია იმიტომ, რომ უფრო მეტი კანდიდატურაა საჭირო მათგან საუკეთესოების ამოსარჩევად.

ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა დღეს, 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კანდიდატებს შიდა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარსადგენად უკვე 13 აპრილამდე აქვთ ვადა. მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით კი, მოსამართლის კანდიდატურების სია საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილის უნდა წარდგენოდა.

“პოლიტიკური შეთანხმება საერთოდ არაფერ შუაში არ არის ამ საკითხთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვადის გახანგრძლივება შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ მეტი უკეთესი კანდიდატურა იყოს წარმოდგენილი და შესაბამისად, იმ უწყებას, რომელიც არჩევს და მთავრობას, შესაბამისად, ჰქონდეს მეტი არჩევანი, რათა საუკეთესო კანდიდატები წარადგინოს ევროპის საბჭოს წინაშე. შეუძლებელია, სხვა მიზეზი აქ არსებობდეს,”- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის უკვე წარდგენილი სამი კანდიდატურა,  გიორგი პაპუაშვილი, თამარ ალანია და დავით ჯანდიერი, თამარ ჩუგოშვილმა არ დაადასტურა, მართლაც არიან თუ არა ეს კანდიდატურები წარდგენილი და არც თავისი შეხედულება გამოუთქვამს.

“წარსადგენი არის სამი კანდიდატურა, ამიტომ, სამზე მეტი, მე მგონია, მინიმუმ, აუცილებლად უნდა იყოს რომ იქიდან საუკეთესო სამი შეირჩეს. როდესაც არის მხოლოდ სამი წარმოდგენელი, მიუხედავად ჩემი პირადი აზრისა რომელიმე მათგანთან დაკავშრებით, მე მგონია, რომ უბრალოდ, არჩევანი არ არსებობს, როდესაც სამიდან მხოლოდ სამია წარდგენილი. ამიტომ, მეტი კანდიდატურა გვჭირდება იმისთვის, რომ იქიდან ამოვარჩიოთ საუკეთესო,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში იუსტიციის სამინისტრო ზუსტად მიჰყვება ევროსაბჭოს მიერ დადგენილ რეგულაციებს.

“ევროსაბჭო ძალიან დეტალურად განსაზღვრავს შერჩევის წესებს და პრინციპში, იქიდან გადახვევის შესაძლებლობა არ არსებობს,”- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი იანვარში უნდა აერჩია, თუმცა, კანდიდატთა სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

ამჟამად, იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული აქვს შიდა შესარჩევი კონკურსი. კონკურსანტებს შეუძლიათ განაცხადი 13 აპრილამდე შეიტანონ. სპეციალური კომისია, შემდეგ კი მთავრობა შემოსული აპლიკანტებიდან სამ კანდიდატს ამოარჩევს და ევროპის საბჭოს კომიტეტს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს პლენარულ სესიაზე მიიღება. ვიდრე ახალი მოსამართლეს არ აირჩევენ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე ნინა წოწორია აგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი