ახალი ამბებისაზოგადოება

ომბუდსმენი მთავრობას სათამაშოების ბაზრის კონტროლისკენ მოუწოდებს

15 მარტი, 2017 • 2269
ომბუდსმენი მთავრობას სათამაშოების ბაზრის კონტროლისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას და მოუწოდებს მას მიიღოს ზომები საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

ომბუდსმენის განცხადებით, ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას კონტროლის მექანიზმი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

ომბუდსმენის ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან, მხოლოდ 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული.

“საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროა, სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს,” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აპარატში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ეროვნული კანონმდებლობა სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას უწესებენ, რათა მან განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით და საქართველოში “კონტროლის არარსებობამ შესაძლოა აღნიშნულ სიკეთეებს საფრთხე შეუქმნას”.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავრობას – რეაგირება მოახდინოს “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად.

ვრცლად “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ გაეცანით ნეტგაზეთის სტატიას არქივიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი