ახალი ამბები

უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს არის სახელმწიფობანას ეროვნული თამაში

15 მარტი, 2017 • 2841
უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს არის სახელმწიფობანას ეროვნული თამაში

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარე პროცესი, რომელსაც სათავეში მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე უდგას.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუკი საპარლამენტო მმართველობა ერთი პარტიის აბსოლუტურ მმართველობას ნიშნავს, სახელმწიფოს მეთაურ პრეზიდენტზე და მის უფლებამოსილებებზე საუბარი უკვე არარელევანტურია.

ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა დღეს, 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“კონსტიტუცია საჭიროა ხელისუფლების დასაბალანსებლად და იმ ტიპის მექანიზმების შესაქმნელად, როდესაც არცერთ შტოს არ აქვს უზურპაციის შესაძლებლობა. საპარლამენტო მოდელს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ეფუძნება მრავალპარტიულობას. თუ სახელისუფლებო ძალები, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ მიილტვიან, შესაბამის საარჩევნო სისტემაზე არიან შეთანხმებული და მთელ ქვეყანასაც ამ რელსებზე უპირებენ გადაყვანას, მაშინ, პრეზიდენტთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა ხდება აბსოლუტურად არარელევანტური. იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს ერთი პარტიის აბსოლუტურ მმართველობას, მაშინ, სახელმწიფოს მეთაურ პრეზიდენტზე და მის უფლებამოსილებებზე საუბარი – ეს არის არარელევანტური.

ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ სისტემაში. არაპირდაპირ არჩეული სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი, რომელსაც, არ აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული ძალაუფლება და ის უფრო განმსჯელია, ის უფრო დამბალანსებელია, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური კონკურენცია გადასულია პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამიტომ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ და ამასობაში კონსტიტუციურ საფუძვლებს ვარღვევთ. არასწორია ეს ამბავი. ეს არის სახელმწიფობანას რაღაც ეროვნული თამაში, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაასუსტა, ჩვენი სახელმწიფო დაასუსტა და არ გააძლიერა,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი ქორთიარდ მარიოტში, კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 15.03.2017

დავით უსუფაშვილი ქორთიარდ მარიოტში, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 15.03.2017

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი