ახალი ამბები

ვინ რას ამბობდა ბათუმში სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის შემდეგ, 04:30 საათზე

15 მარტი, 2017 • 4284
ვინ რას ამბობდა ბათუმში სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის შემდეგ, 04:30 საათზე

ნაციონალური მოძრაობის პოზიციაა, რომ ისინი ბათუმში გამართულ მშვიდობიან აქციას უცხადებდნენ სოლიდარობას და არა იმ ვანდალურ ქმედებებს, რომელიც უკვე ღამის საათებში განვითარდა. ამ თემაზე კამათი რ2-ის გადაცემა “არჩევანში” დღესაც გაიმართა ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის.

ბათუმში აქციის მონაწილეებს ვარშალომიძემ სოლიდარობა გამოუცხადა 01:26 საათზე. ენმ-ის პოზიციაა, რომ ამ დროს აქცია ვანდალიზმში გადაზრდილი არ იყო.

 

Screen Shot 2017-03-15 at 1.11.18 AM

ლევან ვარშალომიძე რ2-ის ტელეფონით მეორედაც ჩაერთო, 03:46 საათზე და მესამედაც – 04:30 საათზე, ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული, კადრებში ჩანდა დამწვარი მანქანები. ვარშალომიძის გარდა, 04:30 საათიდან მოსახლეობას სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმაც მიმართეს. აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს დაგეგმილი აქცია, რომელზეც ვარშალომიძე საუბრობს, საბოლოოდ გაუქმდა და არ ჩატარდა.

[red_box]ლევან ვარშალომიძე – ენმ[/red_box]

03:46 – “ყველა პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ამ მოვლენებს. ბოლო ჩართვის შემდეგ რასაც ვაკვირდები, ყველაფერი უკონტროლო ხდება. არის დიდი ქაოსი. მთავარი რაც მინდა გითხრათ, რომ [იმაზე რაც] ამ საღამოს და დღევანდელ დღეს  ბათუმში ხდება, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ამ სიტუაციამდე ხელისუფლებას არ უნდა დაეშვა ეს. შესაძლებელი იყო უფრო ადრე, უფრო ნორმალურად, შეხვედრით, დალაპარაკებით, მოსახლეობასთან და ხალხთან ურთიერთობით ამ საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მთელი საქართველოსთვის, აქ მხოლოდ ბათუმი და აჭარა არაა… ყველას მოვუწოდებ, რომ დღეს მნიშვნელოვანია მშვიდობა, მნიშვნელოვანია ის, რომ წესრიგი იყოს ქვეყანაში და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად დავდგეთ. არ დავუშვათ ეს უსამართლობა, არ დავუშვათ ის, რაც ხდება დღევანდელ აჭარაში. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ხალხი ერთად შევიკრიბოთ, ხვალ 18:00 საათზე მთავრობის სახლთან, მშვიდობიანად, ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ. ყველა გზა ვცადოთ და მშვიდობიანად ვესაუბროთ მოსახლეობას და ხალხთან ერთად მივიდეთ მთავრობასთან თუ როგორ შეიძლება ამის გადაწყვეტა.

მეგობრებო, ჩემო დებო, ძმებო ყველა ვინც ჩართული ხართ: არ წამოეგოთ პროვოკაციას. ახლა პროვოკაციის დიდი საფრთხეა, იმის, რომ ყველაფერი უბედურებაში არ გადავიდეს. ამიტომ, [საჭიროა] მშვიდობა წესრიგი და ხვალ, 18:00 საათზე მთავრობის სახლთან ჩვენ გავაკეთოთ მშვიდობიანი აქცია იმით, რომ ვაიძულოთ ხელისუფლებას ის ცვლილებები, რაც ჩვენს რეგიონს სჭირდება”, – განაცხადა ვარშალომიძემ და ჟურნალისტი კითხვას, რა პროვოკაციაზეა საუბარი უპასუხა:

“ყველა ვაკვირდებით რა მდგომარეობაა. ვინ სად, რას აკეთებს. აქ ფაქტობრივად ძალოვნებიც არიან ჩართულნი, სუს-ის პროვოკაციაზე ბევრი მსმენია. მე მოსახლეობას მივმართავ: მესმის თქვენი, გამწარებული ხართ, შეურაცხყოფილები ხართ, დღეს აჭარას დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს ფაქტობრივად. მშვიდობიანად დავდგეთ ჩვენ ერთად ხვალ, 18:00 საათზე და მთავრობის სახლის წინ მოვითხოვოთ ის, რაც ხალხს სჭირდება. მე დღესვე მოვდივარ და ხვალ ბათუმში ვიქნები. მოსახლეობასთან ერთად დავდგები და ყველაფერი ერთად, მშვიდობიანად გავიაროთ”, – განაცხადა ვარშალომიძემ 03:46 საათზე განხორციელებული ჩართვისას.

04:30 – “ყველა ვუყურებთ ალბათ ამ კადრებს და მე ჩემს ყველა ბათუმელს, აჭარის მაცხოვრებელს მოვუწოდებ სიწყნარისკენ. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, მნიშნელოვანია სტაბილურობა, ეს ჩვენი ქვეყანაა ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ ვინც წინააღმდეგია იმ საქციელის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, მშვიდობიანი აქციით ხვალ, 18:00 საათზე აჭარის მთავრობის წინ ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ რამდენი ვართ, ვთქვათ ჩვენი სიტყვა  და ვთქვათ ის, რაც გასაკთებელია, ჩვენი მიზანია ყველაფერი მშვიდობიანად გავაკეთოთ”, – განაცხადა ვარშალომიძემ 04:30 საათზე ჩართვისას.

[blue_box]გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო[/blue_box]

“შეფასება არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს სიმშვიდისკენ. მინდა ცალსახად გავემიჯნო და დვგმო ნებისმიერი ძალადობა, რაც ვიხილეთ ახლა: პოლიციის მანქანების დაწვა, თავდასხმა და ა.შ. იმისდა მიუხედავად თუ რითი იყო გამოწვეული ეს პროტესტი და იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეებს ყველა საფუძველი აქვთ იყვნენ ძალიან გაბრაზებული ხელისუფლებაზე, რომელიც ემსახურება ერთ ადამიანს და არა მათ მოთხოვნებს… ყველაფერ მავნებლობაზე რაც ამ 5 წლის განმავლობაში ვიხილეთ, ყოველგვარ შეურაცხყოფაზე, იმის დემონსიტრირებაზე, რომ სახელწმიფო მათ სამსახურში არ არის, იმის დემონსტრირებაზე, რომ პოლიციას ამცირებდნენ და ამ ინსტიტუტს ანგრევდნენ მთელი ეს პერიოდი. ამ ყველაფრის და კიდევ ბევრი რამის მიუხედავად, ეს ყველაფერი, რასაც მე დღეს ეთერში ვხედავ და ვიგებ, არის ძალიან სახიფათო ჩვეი ქვეყნისთვის, იმ ადამიანებისთვის ვინც იქ ცხოვრობს, იმ ადამიანისთვის, ვისაც შესაძლოა გულწრფელი და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა უნდოდა, ამიტომ ეს უნდა შეწყდეს და მე ასევე ძალიან მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო ჩემი და ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიცია, რომ ამ მოვლენებს არ შეიძლება ჰქონდეთ წახალისება პოლიტიკური პარტიებისაგან”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც რ2-ს სწორედ ვარშალომიძის გამოსვლის შემდეგ ჩაერთო 04:30 საათის შემდგომ

[gray_box]შალვა შავგულიძე – თავისუფალი დემოკრატები[/gray_box]

“მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ბათუმელებს, მე ვიცი რამდენად ღირებულია მათთვის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის ბედი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ყველას გვესმის ის უკმაყოფილების მუხტი, რომელმაც ასეთი გამოხატულება ჰპოვა, შეიძლება გადამატება იყო, მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი საფუძველი და ეს ისე არ გაჩნდებოდა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ამით არ ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე გარე ძალებმა, ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ სიტუაცია დაწყნარდეს. თუ ამ დაძაბულობის ესკალაცია მოხდა, ამით აუცილებლად ისარგებლებენ გარე ძალები და ჩვენ შეიძლება შეგვექმნას ისეთივე პრობლემები აჭარის რეგიონში, როგორებიც გვაქვს აფხაზეთში და ცხინვალში. ძვირფასო ბათუმელებო, გთხოვთ დამშვიდდეთ, ხოლო ხელისუფლებას მოვუწოდებ დაფიქრდეს თავის შეცდომაზე და სამართლიანი რეაგირება მოახდინოს იმ ყველაფერზე, რაც მოხდა და რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ. ის გიგა ბოკერიას შემდეგ ჩაერთო.

[yellow_box]ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკელები[/yellow_box]

“მე მინდა პირველ რიგში, მოვუწოდო ხელისუფლებას. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ოპერატიულად პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმაა. ამის ნაცვლად პირდაპირ ეთერში ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში. მინდა ბათუმელებს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება თავისი ნორმალური დასასრული. ამის პასუხისმგებლობა პირველ რიგში აქვს ხელისუფლებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდონ პოლიტიკური პარტიებიც. მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, აუცილებელია, რომ პარტიებმა დავაფიქსიროთ პოზიცია, მოვუწოდოთ ხელისუფლებას მოქმედებისაკენ და ამას არავითარი პოლიტიკური აქცია არ შეუწყობს ხელს ამ მოვლენების შემდეგ”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ, რომელიც რ2-ს შალვა შავგულიძის შემდეგ ჩაერთო, ისიც 04:30 საათის ანუ ვითარების უკიდურესად გამწვავების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი