ახალი ამბები

დახურული შაჰინის სკოლა-ლიცეუმი რებრენდინგს გეგმავს

14 მარტი, 2017 • 2691
დახურული შაჰინის სკოლა-ლიცეუმი რებრენდინგს გეგმავს

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავტორიზაციის საბჭომ, ქვეყნის მასშტაბით, 25 კერძო სკოლას გაუუქმა ავტორიზაცია. მიმდინარე წელს ოთხ სკოლას, 2016  წელს – 7 სკოლას, 2015  წელს – 8 სკოლას და 2014 წელს – 6 სკოლას.

ავტორიზაციის გაუქმების შედეგად, 2017 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა „შაჰინის სკოლა-ლიცეუმმაც“, რომელსაც მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რა პრინციპით მოქმედებს ავტორიზაციის საბჭო სკოლების შეფასებისას და იყო თუ არა შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური?

„შაჰინის სკოლა-ლიცეუმის 180 მოსწავლე და 25 პედაგოგი ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ გადავიდა. სკოლა ბათუმში 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა და ის  ქუთაისში დაარსებული  ქართულ-ამერიკული სკოლის ფილიალია. სკოლაში მხოლოდ 30 მოსწავლე ირიცხებოდა.

როგორ შეძლო სკოლამ  25 პედაგოგის ერთდოულად დასაქმება და როგორია სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა? „პროგრესის“ დამფუძნებლის ნინო ჩიკვაშვილის თქმით, პედაგოგების დასაქმებაზე მოთხოვნა, ახალი მოსწავლეების მიღებამ გააჩინა.

„180 მოსწავლე გადმოვიდა შაჰინის სკოლიდან, შესაბამისად, ბავშვების გადმოსვლის მოთხოვნას მიება პედაგოგების დასაქმებაც“.

შაჰინის სკოლაში 50 პედაგოგი იყო დასაქმებული, როგორც სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე გვეუბნება, აქედან 25  მასწავლებელი „პროგრესში“ დასაქმდა, 7 პედაგოგი თურქეთის მოქალაქე იყო და თავიანთ ქვეყანაში აპირებენ დაბრუნებას, 18 პედაგოგი კი უმუშევარი დარჩა.

სკოლის დახურვის შემდეგ მე-12 კლასი მთლიანად მე-3 საჯარო სკოლაში გადავიდა, დანარჩენი მოსწავლეები კი საჯარო და სხვა კერძო სკოლებში გადანაწილდნენ.

შაჰინის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ „სკოლა „პროგრესი“, სადაც მოსწავლეები გადაიყვანეს, „სოკარის“ ყოფილ ოფისშია განთავსებული: „სკოლას არ აქვს ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ავტორიზაციის საბჭოსთვის პრობლემა არ აღმოჩნდა“.

„პროგრესის“ ადმინისტრაციამ სკოლაში შესვლის უფლება „ბათუმელებს“ არ მოგვცა, თუმცა სატელეფონო საუბარში ნათია კილაძემ განაცხადა, რომ სკოლას ბიბლიოთეკაც აქვს და ლაბორატორიაც: „რაც შეეხება სპორტულ მოედანს, ეს არ გვაქვს, მაგრამ არც არის აუცილებელი, რადგან  ჭადრაკი გვაქვს არჩეული და ჭადრაკის თამაშს მოედანი არ სჭირდება“.

ელგუჯა დავითაძე შაჰინის სკოლის დახურვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას ანგარიში გაუწია. თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს ფეთჰულა გულენს და მიიჩნევს, რომ დემირელის სკოლების ქსელში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები სწორედ გულენის მიმდევრების პატრონაჟის ქვეშაა, რასაც არ იზიარებენ დემირელის სკოლების ქსელში არსებული დაწესებულებების წარმომადგენლები.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სხდომის ოქმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ დღეს (3 თებერვალი), როცა საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შაჰინის  სკოლას, იმავე დღეს ავტორიზაცია მიანიჭა ისეთ სკოლებს, რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს მთელი რიგი შენიშვნები ჰქონდა. მაგალითად, შპს „გეტის“ ხუთპუნქტიანი შენიშვნების მიუხედავად ავტორიზაცია მაინც მიანიჭეს.

სკოლაში არსებული დარღვევები, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  1. პირველ კლასში ინგლისური ენა ისწავლება არა როგორც სავალდებულო, აერობნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, არამედ, როგორც სავალდებულო დამატებითი საგანი. „სკოლა ხელმძღვანელობდა მომავალი წლისთვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმით.
  2. მეთორმეტე კლასში მათემატიკის კვირეულის დატვირთვა არ იყო სრული. განსაზღვრული 4 საათი, 5 საათის ნაცვლად. არჩევითი საგანი – ქიმიური ტექნოლოგიები ისწავლებოდა პირველ სემესტრში თითო საათი კვირაში, ორი საათის ნაცვლად, რაც არ შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს.
  3. მე-12 კლასში სასწავლო პროცესი კვირაში სამი დღე მიმდინარეობდა,
  4. დაწყებითი საფეხურის ფარგლებში სკოლა სხვადასხვა ავტორისა და მასზე დაყრდნობით შექმნილ პროგრამებს სთავაზობდა მოსწავლეებს
  5. გარკვეული შეუსაბამობა იყო არჩევით საგნებში, ასევე შემაჯამებელი დავალებების ორგანიზებაში. ამ და სხვა ტიპის შენიშვნების მიუხედავად, საბჭომ „გეტის“ ავტორიზაცია მაინც მიანიჭა. ხოლო იმავე დღეს „შაჰინის სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ავტორიზაცია საბჭოს სკოლაზე 5 წლის ვადით  ჰქონდა მინიჭებული.

რა მოხდა სინამდვილეში და შეიყვანა თუ არა ავტორიზაციის საბჭომ სკოლის ადმინისტრაცია შეცდომაში შეგნებულად?

ავტორიზაციის საბჭოს  ყოფილი წევრის, შალვა ტაბატაძის თქმით,  საბჭომ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, როცა მან სკოლას თურქული სექტორის გაუქმება მოსთხოვა.

„2015 წელს საბჭომ დაარღვია და გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან  თურქული სექტორი  იყო არაფორმალური პროგრამა და არაფორმალურმა პროგრამამ შეიძლება უპრობლემოდ იარსებოს, ისინი ამ სექტორზე სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ატესტატს არ გასცემდნენ. არაფორმალური განათლება ყველა ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს, ის რაც არ ეხება სახელმწიფოს, იმის გაუქმება მოსთხოვეს“, -გვეუბნება ის.

შესაბამისად, როგორც განათლების ექსპერტი გვეუბნება, ეს რეკომენდაცია რომ არ გაცემულიყო, არც სკოლა არ დაიწყებდა თურქი ეროვნების მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანის პროცედურას და არაფორმალური სწავლების რეჟიმი გაგრძელდებოდა.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილებას აჭარბებს? – შალვა ტაბატაძის თქმით, შაჰინის სკოლას შეუძლია საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლოს და თუკი სასამართლო დაამტკიცებს, რომ საბჭომ ხელოვნურად შეუქმნა სკოლას პრობლემა, რამაც სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვია, შეუძლია სახელმწიფოსგან კომპენსაციაც მოითხოვოს“.

შალვა ტაბატაძის აზრით, იმ მიდგომით, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ  შაჰინის სკოლის მიმართ გამოიყენა, საქართველოში ყველა სკოლა დასახურია. „რადგან დღევანდელ დღეს არ არსებობს სკოლა, რომელსაც დარღვევები არ აქვს.

უფრო მეტიც, თუ სკოლა არ იღებს შენიშვნას, ის ეფექტურად ვერ მუშაობს. არის ისეთი რაღაცები, რაც კერძო სკოლამ უნდა დაარღვიოს, ისე ვერ იქნება წარმატებული.  პირდაპირ კანონმდებლობას რომ გავყვეთ, საბჭომ უნდა შეუჩეროს სკოლას ავტორიზაცია, თუ სკოლა მხოლოდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს არ იყენებს“.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლას ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია შეუჩერა და სკოლამ ფუნქციონირება  იძულებით შეწყვიტა, სკოლის ადმინისტრაცია საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას სასამართლოში აგრძელებს. სასამართლო პროცესების დასრულებამდე ადმინისტრაცია ახალი ლიცენზიის მოპოვებას და სკოლის რებრენდინგს გეგმავს.

„ძველი სახელწოდებით აღარ ვაპირებთ ფუნქციონირებას, უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალი ლიცენზიის მოპოვებაზე, რასაც ალბათ 3-4 თვე დასჭირდება. არ გამოვრიცხავთ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ახალი სახელწოდებით დავბრუნდეთ საგანმანათლებლო სივრცეში“, – გვეუბნება „შაჰინის სკოლა-ლუცეუმის“ დირექტორი ელგუჯა დავითაძე.

დირექტორი დარწმუნებულია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, ყველა მოსწავლე უკან დაბრუნდება. „მე-12 კლასელებს არ მისცეს ჩვენი სკოლის დასრულების შესაძლებლობა, თუმცა ვაპირებთ გამოშვება მაინც ჩვენ გავუკეთოთ“, – გვეუბნება დირექტორი.

დემირელის სკოლების ქსელი საქართველოში 5-ზე მეტ სკოლას და შავი ზღვის უნივერსიტეტს მოიცავს.

შაჰინის სკოლის გაუქმების შემდეგ, დემირელის სკოლების დამფუძნებლებს ჰოლდინგში მეწილეების ცვლილების მცდელობა ჰქონდათ, რისი უფლებაც საჯარო რეესტრმა არ მისცა.

„უნდა მომხდარიყო 40-პროცენტიანი წილის გასხვისება ამერიკულ საგანმანათლებლო კომპანიაზე, რაც რეესტრმა არ განახორციელა, რადგან  საგადასახადომ დემირელის სკოლა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონება დააყადაღა, ასეთ შემთხვევაში კი წილების გასხვისებას შეუძლებელია“, – გვეუბნება იურისტი მარიამ ჩიქოვანი.

მისივე ინფორმაციით, ქონების დაყადაღებაზე  ინფორმაცია 2017 წლის თებერვალში მიიღეს შემოსავლების სამსახურიდან:

„მოგვივიდა შეტყობინება შავი ზღვის უნივერსიტეტის მთელი ქონებისა და წილების დაყადაღების შესახებ.  მოსარჩელე არის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური, რომელიც საგადასახადო დავალიანებას და ცრუმაგიერობას გვედავება. თუმცა ეს სარჩელი იმთავითვე არასწორია,  რადგან დავალიანება, რომელიც მოხსენიებულია სარჩელში, ჩვენ მიერ არ არის აღიარებული და ამაზე ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში არის ჯერ კიდევ ეს საკითხი 2015 წლიდან. აქედან გამომდინარე, საგადასახადო სამსახურს არ ჰქონდა სასამართლოზე მიმართვის უფლება“.

იურისტის თქმით, დაახლოებით ერთი მილიონი ლარის დავალიანებაზეა საუბარი, რასაც  კომპანია არ აღიარებს.

იურისტი მარიამ ჩიქოვანის თქმით, შაჰინის სკოლის დახურვამდე  ავტორიზაციის საბჭომ დახურა მარნეულში არსებული სკოლაც, რომელიც არ გახმაურებულა. „მაშინ ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა კონფრონტაციაში წასვლა ხელისუფლებასთან, რადგან უფრო მნიშვნელოვანი სკოლებიც გვქონდა. თუმცა, შემდეგ განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა დემირელის სკოლების ქსელის წინააღმდეგ“.

დემირელის სკოლების წინააღმდეგ შესაძლებელია მიდიოდეს დევნა პოლიტიკური მოტივით, ამაზე შეიძლება მეტყველებდეს ის ფაქტიც, როცა დემირელის სკოლების 60 წილის პროცენტიანი წილის მფლობელი, თურქული წარმოშობის გერმანიის მოქალაქე, ბიზნესმენი ჯიჰან აქინი საქართველოში არ შემოუშვეს.

ბიზნესმენი საქართველოში სწორედ მაშინ შემოდიოდა, როცა ბათუმის შაჰინის სკოლის მოსწავლეები სკოლის დახურვის გამო საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ მისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მოტივი ოფიციალურად არ განუმარტავთ.

რატომ არის ავტორიზაციის საბჭო მიკერძოებული და როგორ შეიძლება ის გამოყენებული იქნას სახელმწიფოს მიერ, თუნდაც პოლიტიკური მიზნებისთვის?

შალვა ტაბატაძის აზრით, ავტორიზაციის საბჭო, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი  ისე უნდა ფუნქციონირებდეს და არა როგორც სადამსჯელო. ამისთვის კი საჭიროა საბჭოს წევრები იყვნენ დამოუკიდებელი და თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებაში:

„როცა საჯარო თუ კერძო სკოლის დირექტორი ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელია საბჭოს წევრი, ის ვერ იქნება თავისუფალი გადაწყვეტილებაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს ადამიანები  თავისუფლების ხარისხით არ გამოირჩევიან – განათლების სამინისტროსთან აქვთ ბმა. როცა საბჭოში ნაკლებად დამოუკიდებელი ადამიანები ქმნიან უმრავლესობას, არის პრობლემატური და გამოჩნდა კიდეც შაჰინის სკოლის შემთხვევაში. ხელისუფლებას  იმის ბერკეტი არ უნდა ჰქონდეს, რომ საბჭო გამოიყენოს საჭიროებისამებრ, თუ ეს ასე არ იქნება, ყველაფერი თავისთავად დალაგდება“.

მოსწავლეები, რომლებიც შაჰინის სკოლის თურქულ სექტორზე სწავლობდნენ, სკოლის გაუქმების შემდეგ ბათუმში არსებულ სხვა თურქულ კერძო სკოლაში ჩაირიცხნენ, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ არ ექვემდებარება საქართველოს განათლების სამინისტროს.

შალვა ტაბატაძის თქმით, სახელმწიფო ვერც ამ სკოლას მოსთხოვს დაქვემდებარებას, რადგან მოსწავლეები ამ სკოლაში არაფორმალურ განათლებას იღებენ და არ მოითხოვენ ატესტატის აღიარებას ქართული სახელმწიფოს მხრიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი