ახალი ამბები

‘ქართული პარტია’: ოქრუაშვილი უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად

6 დეკემბერი, 2012 • 1478
‘ქართული პარტია’: ოქრუაშვილი უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად

“გუშინ, 5 დეკემბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის წევრების არაერთი ბუნდოვანი განმარტება მოვისმინეთ. გაურკვეველი დარჩა, მოხვდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ამ სიაში. თუ პოლიტდევნილის სტატუსის მისაღებად მას ჰქონდა ყველა საფუძველი, რა აღმოჩნდა, ან შეიძლება აღმოჩნდეს ხელის შემშლელი პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად. ასევე, გაუგებარია ჩვენთვის ერთსა და იმავე, ე.წ. “ზილების რევოლუციის” საქმეზე ჩვენი წევრების კლასიფიკაცია: ნაწილი აღმოჩნდა სიაში,  ნაწილი – არა, ნაწილის სასამართლო პროცესი კი მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ქართული პარტია” ავრცელებს.

 

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო დადგენილება, რომლითაც 190 ადამიანს მიენიჭა პოლიტპატიმრის, ხოლო 25 პირს – პოლიტდევნილის სტატუსი. ამ სიაში არ არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად ციხეში იმყოფება.

 

“სიის ფორმირებაში წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართული, რადგან ყველაზე მეტი ამ ორივე  სიაში ჩვენი პარტიის  წევრები იყვნენ ჯერ კიდევ 2007 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენებისას, ყველა ის ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც  დღეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს, ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და შემდგომ დევნილი. მისი პოლიტიკური დევნილის სტატუსი ასევე აღიარა საფრანგეთის სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას, გადაეცათ იგი ქართული მართლმსაჯულებისთვის, უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აქ მას ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი ემუქრებოდა”, – აცხადებენ “ქართულ პარტიაში”.

 

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა საქართველოში – 2012 წლის 20 ნოემბერს, მას ავტომატურად მოეხსნა პოლიტდევნილის სტატუსი, მაგრამ “ასევე ავტომატურად უნდა ეღიარებინათ ის პოლიტპატიმრად”, – მიიჩნევენ ოქრუაშვილის თანაპარტიელები.

 

“ქართული პარტიის” განცხადებაში ვკითხულობთ:

 

“ჯერ კიდევ ზაფხულში ბატონი  ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ყველა პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ადამიანებს გაათავისუფლებდნენ.  

 

საპარლამენტო კომისიას ვთხოვთ, გვაცნობოს ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების საქმის განხილვა. ასევე, ყველა იმ უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილია  კომისიაში, ვთხოვთ დაესწროს  ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს, სადაც ნათლად დაინახავენ სააკაშვილის რეჟიმის  აჩრდილებს!”

მასალების გადაბეჭდვის წესი