გიორგი გახარია, ფოტო: ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური

გახარია რ2-ის საქმეზე: ჩემთვის პრობლემაა საკუთრების გამოხატვის უფლებაზე დაბლა დაყენება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აზრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც “რუსთავი 2-ის” წილების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა – სერიოზული პრობლემაა, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკუთრების უფლება. გიორგი გახარიას თქმით, მისთვის გამოხატვის უფლებაზე მნიშვნელოვანი საკუთრების უფლებაა:

“ჩემთვის დღეს, აღსრულების მექანიზმის, საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ძალიან სერიოზული პრობლემა. მე მესმის, რომ შეიძლება ვიღაცის პოზიციიდან შეიძლება გმაოხატვის უფლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ეკონომიკაზე ექნება პირველი ეფექტი. აღსრულების მექანიზმის ასე შეჩერება და საკუთრების უფლების ერთმნიშვნელოვნად რანჟირების პირობებში უფრო დაბლა დაყენება, ვიდრე გამოხატვის უფლება  – ჩემთვის პრობლემაა და მიმაჩნია, რომ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი. საკმაოდ ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც მსჯელობის საგანი უნდა იყოს. რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ სხვა საქმესთან დაკავშირებით შეჩერებულ აღსრულებასთან დაკავშირებით მეორე მხარე მიმართავს სასამართლოს,”  – უთხრა ჟურნალისტებს მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა, თუმცა ბიზნესმენი ქონებას ჯერ ვერ იბრუნებს.

როგორც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საქართველოს მთავრობას დაეკისრა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად. ამ მუხლის მიხედვით, “სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას”.

თეორიულად საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს შეუძლია ამ მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. იურისტი მიუთითებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 38-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

ავტორი