ახალი ამბები

პარლამენტში პრეზიდენტის კანდიდატებს საჭირო რაოდენობის მომხრეები არ გამოუჩნდა

6 დეკემბერი, 2012 • 1439
პარლამენტში პრეზიდენტის კანდიდატებს საჭირო რაოდენობის მომხრეები არ გამოუჩნდა

ცესკო შედგება 13 წევრისგან, საიდანაც ერთი არის თავმჯდომარე, დანარჩენი 12 წევრიდან 7-ს ნიშნავენ არჩევნებში გამარჯვებული პარტიები, ხოლო 5-ს – პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი.

 

ცესკოში უკვე შეიცვალა პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ წევრთა შემადგენლობა. ამ დროისთვის 7-დან 6 ადგილს ფლობს კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელი პარტიების წარმომადგენლები და მხოლოდ ერთს – ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

 

პარტიების მიერ დანიშნული წევრები არიან: ლევან მაისურაძე (“ქართული ოცნება”), ნინო გოგუაძე (კონსერვატიული პარტია), მარინა წულუკიძე (“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”), შორენა ხორბალაძე (“ეროვნული ფორუმი”), ირაკლი ხორბალაძე (“რესპუბლიკური პარტია”), ემზარ კაკულია (“თავისუფალი დემოკრატები”), დავით გურგენიძე (“ნაციონალური მოძრაობა”).

 

ეყოლება თუ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უმრავლესობა დღევანდელ მმართველ კოალიციას? – ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის შეარჩევს პარლამენტი იმ კანდიდატებიდან, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის N29/10/02 განკარგულებით  გამოცხადებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ  ღია კონკურსში 24 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან მიხეილ სააკაშვილმა ორი – ლაშა მელაძე და მაია ზარიძე შეარჩია. 

 

ლაშა მელაძე „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან მამუკა კაციტაძე გადადგა. რაც შეეხება მაია ზარიძეს, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში მითითებულია, რომ ის დროებით უმუშევარია, თუმცა ზარიძე დიდი ხანია თანამშრომლობს ცესკოსთან. მაგალითად, 2004 წლის არჩევნების დროს ის იყო ცესკოს მიერ გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში მივლინებული კომისარი. შემდეგ წლებში ჩატარებული არჩევნების დროსაც იყო ცესკოს წარმომადგენელი სხვადასხვა ოლქებში.

 

ცესკოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. საჭირო ხმების რაოდენობა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. პრეზიდენტს კი ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა მხოლოდ ორჯერ შეუძლია.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

 

ამ დროისთვის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით კირთაძეს აქვს უფლებამოსილების ვადა ამოწურული და სწორედ მისი ადგილმონაცვლე უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი