ახალი ამბები

მთავრობა მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას არ აპირებს

14 მარტი, 2017 • 3540
მთავრობა მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას არ აპირებს

მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას არ ითვალისწინებს. კანონპროექტს “გირჩი” და “თეთრი ხმაურის მოძრაობა” აკრიტიკებენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებები, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ არის მოწონებული, ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს.

შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი სახდელი (300 ლარი) წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

“გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია,” – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ნაწილობრივ ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო ხანებში მიღებულ გადაწყვეტილებებს [ბექა წიქარიშვილის საქმე], რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო:

“თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებზე კიდევ უფრო შორს მიდის, რადგან ლიბერალური პოლიტიკა ვრცელდება არა მხოლოდ მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო შეძენასა და შენახვაზე, არამედ დამზადებასა და გადაზიდვაზეც, ასევე, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებაზეც. გაცილებით უფრო ლიბერალური სანქციები შემოდის მარიხუანისა და მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემთხვევებშიც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სხვა სანქციებთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით (ნაცვლად მოქმედი 4-7 წლისა), ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს − 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (ნაცვლად მოქმედი 6-12 წლისა).”

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2013 წლიდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პროცესი მრავალი სირთულის ფონზე მიმდინარეობდა. დღემდე გატარდა შემდეგი ზომები:

ერთმანეთისგან გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის და სხვა ამგვარი ქმედებებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, მათი გასაღებისათვის; “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებით შეიქმნა აღნიშნული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმი; ზედოზირების შემთხვევაში გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინების ვალდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რითაც მოიხსნა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემაკავებელი ფაქტორი; სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური ზომების შედეგად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი კუსტარულად დამზადებული ნივთიერებების მოხმარების ფაქტები; დაიხვეწა კანონმდებლობა ნარკოტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯებს, ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ ლიბერალიზაცია (და არა დეკრიმინალიზაცია) შეეხოს მხოლოდ მარიხუანას და მცენარე კანაფს და შეფასდეს ამ რეფორმის შედეგები როგორც ზიანის შემცირების, ისე ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტიანობის კუთხით,” – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობდა მრავალი თვის განმავლობაში და პროცესში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აგრეთვე, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები − ევროკავშირის დელეგაცია, ევროსაბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, “USAID”-ის, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ალტერნატივა ჯორჯია”.

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს გამოეხმაურა ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, რომელიც დაარსების დღიდან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვს. მათი შეფასებით, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონდებლო ცვლილებების პროექტი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობა.

“ჩვენ თვეების განმავლობაში გვესმოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ისინი ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში რევოლუციური ცვლილებების გატარებას გეგმავდნენ. თუმცა წარმოდგენილი პროექტიდან ცხადად ჩანს, რომ რეალურად არაფრის შეცვლა არ იგეგმება – ნარკოტიკების მოხმარებისთვის ამ ქვეყანაში ისევ დასჯიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში კვლავ დარჩება ადამიანების მუდმივი ტერორის ქვეშ შენარჩუნების ბერკეტი. “გირჩი” გააგრძელებენ ბრძოლას ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის მანამ, სანამ არ გაუქმდება ყველანაირი სასჯელი ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის და არ მოხდება კანაფისა და კანაფის პროდუქტების რეგულირებული დაშვება ბაზარზე,” – ნათქვამია “გირჩის” განცხადებაში.

მთავრობის მიერ დამტკიცებულ პრეოქტს ასევე გამოეხმაურა “თეთრი ხმაურის მოძრაობა”. მათი შეფასებით, შემოთავაზებული პროექტი ვერ ჩაითვლება პროგრესად, რადგან ეს არის მინიმალური ვალდებულება, რაც სამინისტროს მიერ ერთი წლის წინ უკვე უნდა შესრულებულიყო. როგორც “თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, შემოთავაზებული პაკეტი აწესრიგებს საკანონმდებლო ბუნდოვანებას, თუმცა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას არ ახდენს:

“შემუშავებული კანონპროექტი უყურადღებოდ ტოვებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც პირდაპირი მსხვერპლია 2006 წელს “ნულოვანი ტოლერანტობის” სახელით დაწყებული და დღესაც მიმდინარე პოლიტიკისა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის წლობით იხდიან სასჯელებს საპატიმრო დაწესებულებებში.”

“თეთრი ხმაურის მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის საჭიროა კომპლექსური რეფორმა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მუშავდება. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი