ახალი ამბები

ნარმანია: “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულთა დასახმარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ

14 მარტი, 2017 • 2451
ნარმანია: “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულთა დასახმარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს თბილისის მერი, დავით ნარმანია ესაუბრა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას. ნარმანიას თქმით, როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე თბილისის მთავრობამ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, “ბავშვთა სამყარში” ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.

“ეს იყო შუამავლის როლი კომერცოულ ბანკებთან მიმართებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო კომერციული ბანკების მხრიდან. ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლითაც ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, მოხდეს ამ ყველაფერის ჩამოწერა და ის არ დიბეგროს გადასახადებით. ისევე როგორც, სალარო აპარატებთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათები გაკეთდა. ჩვენ ვიკისრეთ შუამავლის ფუნქცია ბაზრობების ასოციაციასთან და კონკრეტული ფართები გამოყვეს საშეღავათო პირობებით, რათა დაზარალებულები განთავსდნენ ამ ფართებში,” – ამბობს ნარმანია.

მისი თქმით ამის გარდა მთავრობის პრეროგატივად სხვა ტიპის დახმარება არ განიხილება. მისი თქმოთ ეს არის ბაზრისა და ბაზრობების ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის ურთიერთობის საგანი:

“ძალიან ცუდია რომ მათ შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული მექანიზმები გათვალისწინებული. ზუსტი ზიანის ოდენობის დადგენა იყო შეუძლებელი. ძალიაჯ ჰევრი კონკრეტული საკითხი არსებობს ამ მიმართულებით, რომელიც მიგვაჩნია რომ მთავრობის კომპეტენციას არ განეკუთვნება.”

“ბავშვთა სამყაროს” დაწვის შედეგად დაზარალებულებმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გამართეს. აქციის ერთ–ერთი მონაწილე, დაზარალებული ნუნუ მალაზონია ამბობს, გიორგი კვირიკაშვილი დაზარალებულებს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ შეხვედრია. მისი თქმით, თუ პრემიერი დაზარალებულებს არ შეხვდება, უვადო შიმშილობას დაიწყებენ და აქციებს იქამდე გამართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. მთავრობის კანცელარიასთან საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც, რადგან აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი