საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

უცხოეთში აკრედიტებული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას შეძლებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთში აკრედიტირებული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. როგორც საქართველოს განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღეს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა წესი, რომელიც საშუალებას მისცემს ხარისხის მართვის ცენტრს ხელშეკრულება გააფორმოს საერთაშორისო აკრედიტატორებთან:

“მექანიზმი არის ასეთი, კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილება რამდენიმე თვის წინ. ახლა დავამტკიცეთ წესი, რომელიც აძლევს საშუალებას ხარისხის ცენტრს გააფორმოს ხელშეკრულებები საერთაშორისო აკრედიტატორებთან. შესაბამისად, როგორც კი ხარისხის ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას საერთაშორისო აკრედიტატორთან, ამ მომენტიდან ის ატესტატები, რომელიც იქნება გაცემული ამ პროგრამით მომუშავე სკოლების მიერ, ჩაითვლება საკმარის წინაპირობად ქართული ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად,” – თქვა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ამ პროცესს სამინისტროს ვარაუდით, ერთიდან ორ თვემდე დასჭირდება. ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა კი 31 მარტს იწურება.

მინისტრის თქმით, ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა და როდის გაფორმდება, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მან არ იცის შეეხება თუ არა გასული წლის დეკემბერში მიღებული კანონი აბიტურიენტებს, რომლებიც უცხოური აკრედიტაციის მქონე სკოლებს მიმდინარე წელს ამთავრებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი