“ციანიდის საქმეზე” მოწმის სტატუსით ტარას შავშიშვილი დაკითხეს

თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების პროფესიული “სინდიკატის” ყოფილი პრეზიდენტის ტატო (ტარას) შავშიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც ირკვევა, ის ბოლო პერიოდში საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა  გიორგი ფანცულაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შავშიშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა, თუმცა მისი თქმით, შავშიშვილის ჩვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ე.წ. ციანიდის საქმეში.

“მოწმის სახით დაკითხულია და ტატოს ჩვენება არ არის რაღაცა ჩვეულებრივი რაიმე ისეთი ინფორმაციის მომცემი, რომ გინდა ჩვენს სასარგებლოდ და გინდა პროკურორის სასარგებლოდ ისეთი იყოს… არაფერი ისეთი, რომ რომელიმე მხარის სასარგებლოდ ბომბი ინფორმაცია იყოს”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზის მეორე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც დაადასტურა ის, რომ შავშიშვილი დაკითხეს და აინტერესებდათ ურთიერთობები მამა გიორგი მამალაძესთან. ადვოკატის თქმით, რამიშვილმა განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც საქმის მტკიცებულებებია, შავშიშვილი არ მონაწილეობს.

“ამ ვიდეოჩანაწერში არის ორი კაცი: მამა გიორგი და ირაკლი მამალაძე. არ ვიცი, თუ ჰოლივუდში წაიღეს და გააკეთეს მონტაჟი 3D, არ ვიცი. ორი ვიდეოჩანაწერია – 2 თებერვლის და 6 თებერვლის, რასაც გვანახებს გამომძიებლები დაკითხვის დროს. აბსოლუტურად არანაირი ტატო არ არის. სხვა მესამე პირი არ მინახავს”, – ამბობს ადვოკატი.

ბრალდების მოწმე ირაკლი მამალაძე კი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერში ორზე მეტი პირი ფიგურირებს, რომელიც ასევე კავშირში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან და საპატრიარქოში მუშაობს. არის თუ არა იგი ტატო შავშიშვილი? – მამალაძე არც უარჰყოფს და არც ადასტურებს.

“ვერც თქვენთან ვიცრუებ და ვიცი მეც ჟურნალისტი ვარ… ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება საბოლოოდ. ეს დანაშაული უფრო შორს მიდის, ვიდრე დღეს საზოგადოებას ჰგონია. ერთ-ერთი ფიგურანტი ამ საქმისა, სტრატეგი, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს და მის ერთ-ერთ ჟურნალისტს… ეს ადამიანი იყო და არის [ერთ-ერთი] სოსო ოხანაშვილის, მამა გიორგი მამალაძის და ზოგადად ის პირები, ვინც ამ დაჯგუფებაში იყვნენ. ვსაუბრობ, ერთ-ერთ ფიგურანტზე, მათი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე, რომელიც ჩემი ინფორმაციით და ჩემი შეხედულებით, იყო სტრატეგი ერთგვარი, ვინც სახავდა გარკვეულ სტრატეგიებს და გეგმავდა გარკვეულ მოქმედებებს. ამ ადამიანის ვინაობა ძალიან კარგად იყო ცნობილი “რუსთავი 2”-სთვის პირველივე დღეებიდან, მაგრამ რატომღაც ამ ადამიანის დასახელებისგან თავი შეიკავეს. იმ პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა შეხება ამ ადამიანს, რომელიც არის “რუსთავი 2″-ის არაფორმალური მფლობელი. საპატრიარქოში მუშაობს, ძალიან საეჭვოდ მოხვდა ის საპატრიარქოში. არის საერო პირი, ძალიან განათლებული… სხვადასხვა წლებში რამდენიმე ქვეყანაში მას მიღებული აქვს განათლება, მათ შორის ვატიკანში”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა თავად ტარას შავშიშვილს, თუმცა მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში ყველაფერი უარყო. შავშიშვილს ჩვენ რამდენიმე თვის წინაც დავუკავშირდით ტელეფონით, როდესაც ქორეპისკოპოსმა იაკობმა ღიად განაცხადა, რომ საპატრიარქოში დაცვის ერთ წევრს სცემეს, რომელიც სავარაუდოდ იყო სწორედ ტარას შავშიშვილი. ამ უკანასკნელმა მაშინაც უარყო მისი კავშირი ამ ამბებთან და საერთოდ საპატრიარქოსთან.

ჩვენ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილსაც დავუკავშირდეთ და ვკითხეთ შავშიშვილის თაობაზე, თუმცა მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

“ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურმა ჩვენს შეკითხვას არ უპასუხა – არის თუ არა შავშიშვილი ციანიდის საქმეზე დაკითხული და ფიგურირებს თუ არა ის მამალაძის მიერ გაკეთებულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში?

შავშიშვილი ფიგურირებდა 2010 წელს მე-14 საჯარო სკოლის დირექტორის ზვიად მიმინოშვილის დათხოვნის საქმეში. ფარული აუდიოჩანაწერში ზვიად მიმინოშვილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილი და პროფესიული “სინდიკატის” გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილი მას ურჩევდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

შავშიშვილი მოგვიანებით 53-ე სკოლის დირექტორად დანიშნეს. 2102 წელს 53-ე სკოლიდან მოსწავლე მიხეილ ალექსიძე გარიცხეს დირექტორის, ტატო შავშიშვილის, მოსხენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც შავშიშვილი ამბობდა, რომ მას მოსწავლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოსწავლეს სხვა სკოლები აღარ იღებდნენ და რამდენიმე თვის მანძილზე იგი ვერ სწავლობდა, ამავე დროს, ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლის მიხედვით.

2012 წლის მაისში 53-ე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო ბოლო ზარი გამართეს, რომლითაც შავშიშვილის მოსწავლეებისადმი არასწორი დამოკიდებულება გააპროტესტეს. ამ პროტესტთან დაკავშირებით, “ნეტგაზეთი” შავშიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მაშინაც მოუცლელობის მიზეზით, კომენტარი არ გააკეთა.

ვიდეოს გადაღების შემდეგ, იმ ორი მოსწავლის თქმით, რომლებიც ვიდეოში მონაწილეობდნენ, მათ შესახებ პოლიცია დაინტერესდა, კერძოდ, მაშინ როცა საატესტატო გამოცდებს აბარებდნენ  მათი პირადი ნომრები და მშობლების სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com