ალექსანდრე კობაიძე, "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“ხალხის პარტიის” თავმჯდომარის პოსტზე დავითაშვილი კობაიძემ შეცვალა

კობა დავითაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ “ხალხის პარტიას” ალექსანდრე კობაიძე ხელმძღვანელობს. ამის შესახებ პარტიის ახალმა თავმჯდომარემ მათ ოფისში ბრიფინგი გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“სამწუხარო ფაქტია, რომ ბატონი კობა დავითაშვილი დღესდღეობით “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე აღარ არის, თუმცა აღნიშნული პარტია ფუნქციონირებს. პარტიის თავმჯდომარე დღეს ვარ მე, ალექსანდრე კობაიძე. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ფონზე გავაკეთბ იმას, რომ ყოველ მიზეზგარეშე ვიზრუნებ ჩვენს ულუკმაპუროდ დარჩენილ ხალხზე, როგორც აქამდე ზრუნავდა ჩვენი პარტია. ვეცდებით, რომ ნებისმიერ საკითხში ვიყოთ ხალხის გვერდში და ვიბრძოლოთ მათი უფლებებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ “ხალხის პარტია” იქნება ერთ–ერთი ლოკომოტივი დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში და გააკეთბს თავის გასაკეთებელს, იტყვის თავის სიტყვას,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კობაიძეს დარწმუნებულია, რომ საზოგადოება “ხალხის პარტიის” იდეებსა და აზრებს აიტაცებს. პარტიის ახალი ხელმძღვანელის თქმით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან. კობაიძე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ისინი არ ითანამშრომლებენ:

“უკვე მეორე ვადით არის არჩეული “ქართლი ოცნება”, მაგრამ რეალურად ამ კუთხით არაფერი კეთდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვიზრუნებთ ამის მოგვარებაზე და ვიზრუნებთ, რომ როგორმე ხალხს რწმენა დაუბრუნდეს პოლიტიკის და პოლიტიკოსების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ ერთ ჯადოსნულ წრეზე ვტრიალებთ; იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, აღარ შესწევთ უნარი, რაიმე ახალი შექმნან. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ ახალი და შევქმნათ საზოგადოებაში იმის განცდა, რომ შეგვიძლია ვემსახუროთ არათუ საკუთარ ჯიბესა და სკამებს, არამედ ხალხს. ჩვენ ამის პირობას ვდებთ და მინდა, რომ ხალხის ყურადღება სწორედ ამ სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებზე მივიპყრო.”

როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან ამოსასვლელად ბრძოლაში აუცილებელია ხალხის ჩართულობაც.

“მე ყველას, თითოეულ მოქალაქეს ვეპატიჟები ჩვენს პარტიაში, რომ ერთობლივად მოვახერხოთ ამ სიდუხჭირის დაძლევა. დღეს ახალგაზრდებს არ აქვთ იმის უნარი, რომ შექმნან ოჯახი იმიტომ, რომ მათ ელემენტარულად ჭერი არ აქვთ საცხოვრებლად და ეწეოდნენ ერთ სამეურნეო ცხოვრებას. ეს უდიდესი პრობლემა და ტრაგედიაა. ხშირად პოლიტიკოსები იძახიან, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა ცალსახად არის და ჩვენ ამის წინააღდეგ საბრძოლველად მზად ვართ,” – ამბობს კობაიძე.

ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, კობა დავითაშვილი პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა, თუმცა ის რჩება “ხალხის პარტიის” გულშემატკივრად და გარკვეულ საკითხებზე შესაძლოა ჰქონდეთ ყოფილ ლიდერთან კონსულტაციები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.