ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსწავლის ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტი აზერბაიჯანის სკოლაში

14 მარტი, 2017 • 11836
მოსწავლის ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტი აზერბაიჯანის სკოლაში

აზერბაიჯანის ბეილაგანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტის შესახებ აზერბაიჯანულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, თუმცა, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა.

მედიისთვის ფაქტის შესახებ ცნობილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალით გახდა. ვიდეოში ჩანს, რომ  საკლასო ოთახში რამდენიმე ბიჭი გოგოს სქესობრივ კავშირს აიძულებს, ერთი პირი კი, პროცესს ვიდეოზე იღებს. გოგო ყვირის და ეხვეწება, რომ შეწყვიტონ მასზე ძალადობა და ვიდეოგადაღება.

მას შემდეგ, რაც მომხდარით ადგილობრივი მედია დაინტერესდა, ზედაპირზე კიდევ სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებრივი ქმედებები ამოტივტივდა.  სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელსაც სურს ანონიმურად დარჩეს, meydan.tv-ს განუცხადა, რომ 17 წლის მოსწავლე გოგოს რამდენიმე თვის განმავლობაში აღნიშნული ვიდეოთი აშანტაჟებდნენ, შედეგად კი, 20-მდე თანასოფლელმა ბიჭმა სქესობრივი კავშირი აიძულა.

სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, გოგონას ოჯახისგან განსხვავებით, ძალადობის განმახორციელებელი ორი პირი და ის, ვინც ფაქტს ვიდეოზე იღებდა, “ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან არიან და საქმის დახურვას ცდილობენ”.

“ერთ-ერთი მოძალადის მამა, რაიონში მაღალ თანამდებობაზეა და ფულის სანაცვლოდ საქმის დახურვას ითხოვს”, – ამბობს წყარო.

ბეილაგანის რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი აცხადებს, რომ აღნიშნულ სკოლაში გაუპატიურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, აღიარა, რომ “მსგავს შემთხვევაზე” ერთი ადამიანი უკვე დაკავებულია და მასზე ინფორმაციას ვერ გასცემს.

დაკვებულთა შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ასაჯაროვებს რაიონის დეპუტატი შაჰინ ისლამოვი ადგილობრივ მედიასთან modern.az-სთან საუბარში. ის ამბობს, რომ მომხდარის გამო “ძალიან წუხს”. როგორც ის ამბობს, მისი ინფორმაციით, თავიდან 4 დამნაშავე იყო დაკავებული, თუმცა, იმის გამო, რომ ორი მათგანი ჯერ 14 წლისაც არაა, ისინი არ დაუკავებიათ – ორი კი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის პროკურატურამ მხოლოდ დღეს, 14 მარტს გაავრცელა.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება 9 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152.1 მუხლით [სქესობრივი კავშირი და სხვა სექსუალური ხასიათის ქმედებები  არასწრულწლოვანთან] საქმეთან დაკავშირებით დაიწყო და ამჟამად ორი პირია დაკავებული. ოფიციალური ინფორმაციითვე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ბეილაგანის რაიონის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ჰურამან რუსტამოვა მედიასთან საუბარში ამბობს,  რომ სკოლაში პრობლემები ინციდენტამდეც იყო. მისი თქმით, რამდენადაც ყოფილი დირექტორი საპენსიო ასაკის მიღწევის გამო დაითხოვეს, მის მოვალეობას დროებით სასწავლო ნაწილის გამგე ასრულებდა, რომელიც, რუსტამოვას თქმით, ინციდენტის შემდეგ დაითხოვეს.

“ასევე, ორივე მოსწავლე [გოგონა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა და ერთ-ერთი მოძალადე ბიჭი] სკოლიდან გარიცხეს. კლასის ხელმძღვანელი თანამდებობიდან დაითხოვეს და საყვედური გამოუცხადეს. თუმცა,  არანაირ გაუპატიურებაზე არ არის საუბარი. ისინი კლასში ერთმანეთს ეხვეოდნენ. რა არის ამაში ისეთი?”- ამბობს ადგილობრივი განათლების განყოფილების ხელმძღვანელი.

თუმცა, რუსტამოვა ვერ განმარტავს, თუ “რატომ გარიცხეს მოსწავლეები სკოლიდან ჩვეულებრივი ხვევნის გამო”.

ფაქტზე განმარტებას არც აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო აკეთებს.

გოგონას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, რომლებიც საჯაროდ კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში ამბობენ, რომ  გოგონას ოჯახი იძულებული გახდა სოფლიდან ქალაქში გადასულიყო. ოჯახის ახლობლების თქმით, თუ მათ შესახებ ქალაქში შეიტყობენ,  ოჯახს ამჟამინდელი საცხოვრებლიდანაც გამოაგდებენ. კიდევ სხვა წყარომ meydan.tv-ს განუცხადა, რომ ოჯახი სოფელში დარჩა და მშობლებმა გოგონაზე “უარი თქვეს”.

სოფლის მცხოვრებლები კი, მედიასთან აცხადებენ –  “ახლა მთავარია, მომხდარის შესახებ მალევე დაივიწყოს ყველამ”.

საზოგადოებრივი გაერთიანება “სუფთა სამყაროს” [Təmiz dünya] ხელმძღვანელი, მეჰრიბან ზეინალოვა ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელვოვანია, რომ დაზარალებულმა მომხდარის შესახებ ისაუბროს.

“იქნებ იქ არის ისეთი დეტალებიც, რომელიც, შეიძლება სხვა დანაშაულსაც შეიცავდეს. თუმცა, პირველ რიგში, გოგონას ფსიქოლოგიური, იურიდიული და სამედიცინო დახმარება სჭირდება, რომ დადგინდეს, ხომ არ არის დაინფიცირებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით”.

 

ილუსტრაცია: meydan.tv

ილუსტრაცია: meydan.tv

 

მასალების გადაბეჭდვის წესი