ახალი ამბები

საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს EMC-ის საჩივარს მოსამართლეთა არჩევის წესზე

14 მარტი, 2017 • 1894
საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს EMC-ის საჩივარს მოსამართლეთა არჩევის წესზე

EMC-ის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განსახილველად დაუბრუნა საჩივარი, რომლითაც იგი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სდომაზე ჩატარების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული განმარტებები სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევად მიიჩნია, გააუქმა განჩინება და საქმე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა”, – წერია EMC-ის განცხადებაში. 

EMC-ის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელობას სამართლიანი სასამართლო უფლებით სარგებლობისას და მიუთითა, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება დაადგინოს წესი მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობების თაობაზე. ასევე, აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია მიიღოს (გამოსცეს) ნორმატიული  ბუნების მქონე აქტები, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოების ჩამონათვალში  მითითებული არ არის.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური აქტისაგან განსხვავებით, ნორმატიული აქტი არის მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგადი წესი და სადავო აქტს, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს“  ნორმატიული აქტების რიცხვს მიაკუთვნებს.

იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ გააჩნია, გასაუბრების ეტაპზე დაკვირვება ამ პროცესის მონიტორინგის მნიშვნელოვანი ბერკეტი და გარანტიაა. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ კანონმდებლობა ქმნიდეს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ღიაობის საკმარის გარანტიებს. ამ მიზნის მისაღწევად EMC განაგრძნობს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შესატანად, აცხადებს EMC.

EMC-მ 2016 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნია და საქმის წარმოება შეწყვიტა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.

EMC-მ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი