ახალი ამბები

ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

14 მარტი, 2017 • 1764
ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილე, ნუნუ მალაზონია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, გიორგი კვირიკაშვილი დაზარალებულებს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ შეხვედრია:

“პრემიერ მინისტრი ჩვენთან შეხვედრაზე უარს ამბობს. გვინდა ვთხოვოთ, რაც დაიწვა ნაწილობრივ მაინც აგვინაზღაურონ, თავიდან რომ დავიწყოთ მუშაობა. ანაზღაურებას ვითხოვთ,” – ამბობს ნუნუ მალაზონია.

მისივე თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი მათ არ შეხვდება, უვადო შიმშილობას დაიწყებენ და აქციებს იქამდე გამართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. მთავრობის კანცელარიასთან საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც, რადგან აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი