ახალი ამბებისამართალი

ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს

14 მარტი, 2017 • 2379
ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილი დავით ხარშილაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად,  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

ელისო კილაძის განცხადებით, დავით ხარშილაძეს დაკავებისას ორი პაკეტი ჩაუდეს.  მისივე ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებისას ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინდა:

“სპორტის სასახლის უკან, ჩიხში დააკავეს. როცა ჩემმა შვილმა დაინახა, რომ მისკენ ჯგუფი მოდიოდა, გაიქცა, რადგან არ უთქვამთ, რომ პოლიციელები იყვნენ. ამ დროს ტაქსის ტრაფარეტიანი მანქანა დაეჯახა. ასე შეაჩერეს. თვითმხილველები მეუბნებიან, რომ ამ დროს ჩაუდეს ნარკოტიკი. არის ორი პაკეტი, ერთი ფხვნილი და ერთი აბები. ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა და არ ვიცით რა არის. ასე, რომ სრულიად გაუგებარია რატომ დაიწყეს გამოძიება 260-ე მუხლით.”

ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს.

“ამ მუქარების თაობაზე ვიცოდი, პერიოდულად მომდიოდა ინფორმაცია.  მე ამას ველოდი, იყო მუქარები, ჩემს შვილთანაც არაერთგზის მისაუბრია ამაზე. ჩვენ მზად ვიყავით ამ სცენარისთვის. ცხადია, სამართლებრივად ვაპირებთ ბრძოლას,” – ამბობს კილაძე.

სახალხო დამცველის რწმუნებულის, ლევან ბეგიაშვილის თქმით, ომბუდსმენის ოფისი საქმეს შეისწავლის:

“დაკავებულმა განმარტა, რომ  არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. მისი თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიზუალურად, შუბლის არეში მცირე დაზიანება აღენიშნება, რომელზეც განაცხადა, რომ დაკავების დროს მიიღო. დოკუმენტირება მოხდა და საქმეს შევისწავლით.”

ელისო კილაძე ბოლო პერიოდში სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს “ქართული ოცნებისა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების წინააღმდეგ.  ხოლო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ინფორმაციას მისი ხელისუფლების წინააღმდეგაც ავრცელებდა.  2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ელისო კილაძე ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის  პრესსამსახურის უფროსი იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი