ახალი ამბები

პროკურორის თქმით, სოსო ოხანაშვილი “ციანიდის საქმის” მოწმეა და არა ეჭვმიტანილი

13 მარტი, 2017 • 3440
პროკურორის თქმით, სოსო ოხანაშვილი “ციანიდის საქმის” მოწმეა და არა ეჭვმიტანილი

ე.წ. ციანიდის საქმის გამომძიებელმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი საქმის მოწმეა და არა ეჭვმიტანილი.

“ზოგადად, სისხლის სამართლის პროცესი არ ითვალისწინებს ეჭვმიტანილის ცნებას, მას აქვს მოწმის სტატუსი და დაიკითხა ერთხელ. თუ იქნება საჭიროება დაიკითხება ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის გამოძიება”, – აღნიშნული განცხადება პროკურორმა დაკავებული დეკანოზის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

დღეს, 13 მარტს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, თუ არის ეჭვმიტანილი პირების წრე,  ისინი გერმანიაში უნდა ყოფილიყვნენ და ერთ-ერთი პირი, რომელიც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებული პირია, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილია.

სოსო ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქის დაცვას ხელმძღვანელობდა თანამდებობიდან ილია მეორის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მალევე გადადგა. მისი თქმით, იგი “უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას”  შეეწირა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი