ირაკლი კობახიძე

კობახიძის თქმით, პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციის გადასინჯვის მანდატი

ბერლინში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებულ კამპანიას – „კონსტიტუცია ყველასია“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის კამპანიას არ აქვს რაციონალური და ლოგიკური დღის წესრიგი.

„ჩვენი დღის წესრიგი არის რაციონალური, არის ლოგიკური, განსხვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მე  კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩაერთოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჩართოს თავისი წარმომადგენლები ამ კომისიის მუშაობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია დახვეწილი დოკუმენტის მოსამზადებლად.

„დახვეწილი დოკუმენტი ისედაც მომზადდება, ძალიან ქმედითი და ეფექტურია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მისი მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენთვის გაუგებარია მისი მხრიდან ბოიკოტის მიზეზი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის ხალხის სახელით მინიჭებული მანდატით მოქმედებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მას ამის მანდატი არ აქვს.

„მას არ აქვს ეს მანდატი მინიჭებული, საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება ის, თუ როგორ უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ამ ნორმების თანახმად, კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა და კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ინიციატორი და ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტი. ეს წერია კონსტიტუციაში და მოქმედ კანონმდებლობაში, შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ეს მე არ ვიცი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com