ახალი ამბებისაზოგადოება

გვჭირდება თუ არა თავისუფალი გაკვეთილები

13 მარტი, 2017 • 4735
გვჭირდება თუ არა თავისუფალი გაკვეთილები

თავისუფალი გაკვეთილების პროექტების მიღება განათლების სამინისტროში ახლა მიმდინარეობს. პროექტების მიღება 2 მარტს დაიწყო და ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და ყველა სკოლისთვისაა გათვლილი. რას ფიქრობენ თავისუფალი გაკვეთილების შესახებ თავად მასწავლებლები და განათლების პოლიტიკის სპეციალისტები?

2017 წელს თავისუფალ გაკვეთილებში საქართველოს ყველა საჯარო სკოლიდან მხოლოდ მე-7 და მე-8 კლასელები იქნებიან ჩართულნი. პროგრამის ფარგლებში აქტივობებისთვის განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: სპორტული აქტივობები, წიგნიერების განვითარება, კულტურა/ხელოვნება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.

განათლების სამინისტრო თავისუფალი გაკვეთილების შესახებ განაცხადებს მიღების პარალელურად განიხილავს. როგორც თავისუფალი გაკვეთილებს პროექტის მენეჯერმა ლალი კალანდაძემ გვითხრა, სპორტული აქტივობის შესახებ უკვე 5 თავისუფალი გაკვეთილი დაფინანსდა. ასევე დიდი მოთხოვნაა კომპიუტერული პროგრამირების კლუბზე:

“სპორტული მიმართულებით მიჰყავთ სამთო-სათხილამურო სპორტსკოლაში და მთლიანად 3 000 ლარი ამას მოხმარდება ლავირების საშუალება გვაქვს, რა მიმართულების მიმართაც გამოხატავს სკოლა ინტერესს შესაძლებელია, რომ კონკრეტულ მიმართულებაზე გამოიყოს ეს თანხა. სპორტულ ბანაკში მიდის სკოლა, სადაც მე-7, მე-8 კლასელების რაოდენობა ჯამში 8 ბავშვია, რომელიც 2 მასწავლებელს მიჰყავს. გვაქვს სკოლები, სადაც ჯამში 20 მოსწავლე სწავლობს, ბუნებრივია, იქ სხვა რესურსი დაიხარჯება და იქ, სადაც 2000 ბავშვი სწავლობს, სხვაგვარად გადანაწილდება ეს თანხა,” – ამბობს ლალი კალანდაძე.

რადგან სულ 4 მიმართულება გამოიყო, რის შესახებაც შეიძლება თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდეს, სკოლას 4 პროექტის გაგზავნა შეუძლია, ჯამში 3 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მასწავლებლის ხელფასზე, გაკვეთილის ჩასატარებლად აუცილებელ რესურსზე და ადმინისტრაციაზე გადანაწილდება.

დალი კვარაცხელია წალენჯიხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ქართულ ენსასა და ლიტერატურას ასწავლის. ის ამბობს, რომ თავისუფალ გაკვეთილებს, როგორც შემოქმედებით მასწავლებელი ყოველთვის ატარებდა, თუმცა ახლა განათლების და მეცნიერების სამინისტროში გასაგზავნ პროექტს წერს:

“გაკვეთილზე კლასგარეშე ლიტერატურას ყოველთვის მივუთითებდი, მაგრამ წაიკითხეს თუ არა ვერ ვაკონტროლებდი. თვეში ერთხელ ან ორჯერაც ვიკრიბებოდით, ხან სპექტაკლებს ვდგამდით, ან შინაარსის შესახებ ვმართავდით დებატებს. წლებია სკოლაში ვმუშაობ და ჩემი მოსწავლე არასდროს გამიზრდია იმ დოგმით, რომ ეს დაიზეპირე გინდა თუ არა. პირველ რიგში,  ზოგადად ვესაუბრები წიგნის შესახებ მოსწავლეებს, ვპროვოცირებ, რომ ბავშვი დაინტერესდეს, მაგრამ მე რამდენიმე წიგნს ვაძლევ თავდაპირველად, რომ აირჩიოს. უმრავლესობა, რომელსაც აირჩევს, იმ წიგნს განვიხილავთ”.

თავისუფალ გაკვეთილებად მოიზარება  გასვლითი ექსკურსიები, ღონისძიებები, ბანაკები, ისეთი აქტივობები, რომელიც სკოლაში ისედაც ხორციელდებოდა, თუმცა ამჯერად მასწავლებლები ჩატარებულ გაკვეთილში ანაზღაურებას და კრედიტს იღებენ. კრედიტი მასწავლებელს ეხმარება შეფასების სისტემაში დაწინაურდეს, რაც შეეხება თანხას, იგი ერთ საათიან გაკვეთილში 10 ლარს აიღებს, თითო პროექტის ფარგლებში კი სულ 20 საათი უნდა ჩაატაროს, რაც მაქსიმუმ 200 ლარია.

“ექსკურსიაზე, რომ მიყავს მასწავლებელს მოსწავლე დღეს, მასწავლებელს კონკრეტული სარგებელი არ აქვს, ჩვენ შემთხვევაში მასწავლებელიც ხელფასს იღებს ყველა ჩატარებულ კლასგარეშე აქტივობაზე, ადმინისტრაცია და დირექტორი უფრო მეტადაა ჩართული, უფრო მეტად მოტივირებულია, რადგან ადმინისტრაციაც ანაზღაურებას იღებს. ამას გარდა იყო ისეთი პრობლემებიც, როცა ოლიმპიადებშიც კი, ბოლო ტურზე ბავშვები ვერ ჩამოდიოდნენ, ამ შემთხვევაში რესურსებსაც ვუფინანსებთ, მგზავრობას, გადაადგილებას, მუზეუმის ბილეთებს, რა თქმა უნდა, კეთდებოდა და კეთდება კიდეც ექსკურსიები, სხვადასხვა ღონისძიებები და კლასგარეშე აქტივობებიც აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში იქნება უფასო და სამინისტრო შემოდის ზუსტად იმითი, რომ გააძლიეროს  სკოლა ადგილზე და მასწავლებელი”,- ამბობს ლალი კალანდაძე.

რას ფიქრობენ თავისუფალ გაკვეთილებზე განათლების სპეციალისტები ?

ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი, განათლების პოლიტიკის სპეციალისტი, ლელა ჩახაია, ამბობს, რომ  თავისუფალ გაკვეთილებთან დაკავშირებით პრობლემა ისაა, რომ მიზანი ნათელი არაა:

“რა შეიცვლება ამ გაკვეთილების ჩატარებით? მოსწავლეების აკადემიური მოსწრება გაიზრდება? მათი მოტივაცია გაიზრდება? მასწავლებლების მოტივაცია გაიზრდება? სწავლების მეთოდები გაუმჯობესდება? და ეს კონკრეტული აქტივობა არის თუ არა ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება? თავისთავად ‘თავისუფალი გაკვეთილის’ ჩატარება ცუდი არ არის, რასაკვირველია  მაგრამ არ არის მოსალოდნელი, რომ ეს რამენაირად შეცვლის რამეს ან პედაგოგიურ პრაქტიკაში, ან მოსწავლეების მოსწრებაში ან მოტივაციაში – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთჯერადი აქტივობაა. საბოლოო ჯამში, 4 მილიონი იხარჯება პედაგოგებისთვის და დირექტორებისთვის მცირე ერთჯერადი დანამატის გადასახდელად, რაც, მათთვის ერთჯერადად კარგია, თუმცა სავარაუდოდ არანაირი შედეგის მომტანი”,- ამბობს ჩახაია.

მისივე თქმით, თუ სამინისტროს უნდა რომ აღნიშნული 4 მილიონი ლარი სკოლებისთვის დახარჯოს, უწყებას შეუძლია სკოლას თანხა მისცეს  და თვითონ გადაწყვეტენ რაში დახარჯონ:

“ზოგმა შეიძლება მაგალითად კომპიუტერული, სპორტული, ან სხვა აღჭურვილობა შეიძინოს; ზოგმა შეიძლება ბიბლიოთეკა განაახლოს; ზოგმა შესაძლოა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაში დახარჯოს და ა.შ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი