იურიდიული კომიტეტის სხდომა

იურიდიულმა კომიტეტმა პატიმრების რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე კანონპროექტი განიხილა

დღეს, 13 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა. ცვლილებების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა, ამბობენ ავტორები.

პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის 20 კანონში და მისი მიზანი არის საქართველოს პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება, პენიტენციურ დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.

გათვალსიწინებულია შემდეგი სახის არსებითი ცვლილებები:

გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება

პროექტის თანახმად, იქნება გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე–ღამეს. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, გავრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია, შესაბამისი საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არღვევს დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს მსჯავრდებულის შესაბამისი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიერ გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი. თუ მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დატოვებს გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას და არ გამოცხადდება მისთვის განსაზღვრული დროს, მას ეს ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებად – თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთვის თავის არიდებად, გარდა კანონით განსაზღვრული საპატიო საფუძვლის არსებობისა. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში მოთავსების წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლა

საკანონმდებლო პაკეტით, არსებით ცვლილებას განიცდის თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის დამოუკიდებელი სახე და მის ნაცვლად ინერგება თანამედროვე და უფრო ქმედითი სასჯელის სახე – შინაპატიმრობა. არასაპატიმრო სასჯელის სახედ შინაპატიმრობის დანერგვა იწვევს ცვლილებებს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან მიმართებით. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.

საოჯახო პაემანი

2015 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა პატიმრობის კოდექსის ის  მუხლი, რომლის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებული, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, სარგებლობს ხანგრძლივი პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლებით ასევე სარგებლობენ ქალი მსჯავრდებულები. ზემოაღნიშნული მუხლის ამოქმედებამდე, ქალი მსჯავრდებულები, ხანგძლივი პაემნის საკომპენსაციოდ, სარგებლობდნენ საოჯახო პაემნის უფლებით. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის კანონით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში არაუმეტეს სამი საათის ხანგრძლივობით. პროექტის მიხედვით, ნორმის ამოქმედების შემდეგ, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა საოჯახო პაემანთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვა.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, საოჯახო პაემნით, ქალი მსჯავრდებული ისარგებლებს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში. საოჯახო პაემნის რაოდენობა რჩება უცვლელი. საოჯახო პაემნის მოთხოვნის თაობაზე მსჯავრდებულმა წერილობით უნდა მიმართოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს, საოჯახო პაემნის განხორციელებამდე ათი დღით ადრე. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, მიმართვის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, წარდგინებით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს საოჯახო პაემნის გამართვის თაობაზე ან წერილობით აცნობებს მსჯავრდებულს მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე, ხოლო დეპარტამენტის დირექტორი, წარდგინების მიღებიდან სამი დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის წარდგინებაზე თანხმობის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ.

ტელევიზორით სარგებლობის უფლება

კანონპროექტის თანახმად, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ენიჭებათ უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით არ ირღვევა დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. პატიმრობის დაწესებულებაში, ასევე განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით შეიძლება მიეცეს შეიძინოს პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით არ ირღვევა დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე.  ბრალდებულს/მსჯავრდებულს რადიო მიმღებითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება ეზღუდება თუ შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში.

კანონპროექტით რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენა საკუთარი ხარჯით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, ამ შემთხვევაში, მაღაზია პასუხისმგებელია მიმწოდებლისგან ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის აღნიშნული ტექნიკის შეფუთულ მდგომარეობაში მიწოდება, ამასთან მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია, რომ მაღაზიაში პროდუქციის გასაყიდი ფასი შესაბამისობაში იყოს საბაზრო ღირებულებასთან.

მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება

კანონპროექტის მიხედვით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

რაც შეეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, მას შეეძლება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, როდესაც სახეზეა დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება ვერ ხერხდება. ამასთან, ექიმთა კონსილიუმის მიერ, კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალობის პროგნოზი მაღალია. აღნიშნული ცვლილება ემსახურება ჰუმანურობის პრინციპს, კერძოდ, ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია წარმოადგენს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების სწრაფ და მოქნილ მექანიზმს, რომელიც შანს მისცემს მსჯავრდებულს თავის ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან ერთად გაატაროს დარჩენილი დღეები.

ამავე პროექტის თანახმად, ხანდაზმულობის ასაკის გამო (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან თუ მას მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი) შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოს არა მარტო მსჯავრდებულის ასაკი და მოხდილი სასჯელის ოდენობა, არამედ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დისციპლინური პატიმრობა

წარმოდგენილი პროექტით იცვლება ადმინისტრაციული პატიმრობის რეგულაციები, კერძოდ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით ადმინისტრაციული პატიმრობა იცვლება ტერმინით – დისციპლინური პატიმრობა. ამასთან, მკვეთრად მცირდება პატიმრობის გამოყენების ვადები, კერძოდ, თუკი დღეს არსებული რედაქციით მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით, ხოლო კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ვადა მცირდება 30 დღე-ღამემდე. ცვლილება ეხება წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალურ ვადასაც, კერძოდ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა 90 დღე-ღამე, მცირდება 60 დღე-ღამემდე.

ქალი მსჯავრდებულის უფლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ

პროექტის მიხედვით, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომელიც მხედველობაში მიიღება დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს.

ამასთან, ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოუცხადებლობა, ან დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანება, ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებებით: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის, ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ხორციელდება შემდეგი სახის ტექნიკური ცვლილებები:

ამანათის მიღების წესი

ფულადი გზავნილის მიღება/გაცემა მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ფულის სახით მიღებული ფულადი გზავნილი უკან დაუბრუნდება გამომგზავნს იმავე წესით.

მსჯავრდებულთა ფეხსაცმლით უზრუნველყოფა

პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება უზრუნველყოს ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლითაც და პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ინვენტარით.

დაწესებულებაში კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების შეტანის უფლება

პენიტენციურ დაწესებულებებში ხშირია შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას საჭიროა სხვადასხვა ნივთების დაწესებულებაში შეტანის უფლების ნებართვის გაცემა. აღნიშნულის საკითხის მოწესრიგების მიზნით, ცვლილება შედის კოდექსის მე-60 მუხლში, რომლის თანახმადაც დაწესებულების გამართული ფუნქციონორების მიზნით ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა, რომლის თანახმადაც კონკრეტულ პირს მიეცემა უფლება დაწესებულებაში შეიტანოს ისეთი კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლება

მოქმედი რედაქციით პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას. ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ახალი ტიპის დაწესებულებას, საიდანაც ასევე შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დატოვება, შესაბამისად ეს წესი ასევე გავრცელდება გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზეც.

განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან.

სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ პაკეტი პოზიტიურ ცვლილებებს შეიცავს, თუმცა არის პრობლემური საკითხებიც. მისი აზრით, კანონპროექტში, ტელევიზორზე არსებული ჩანაწერი არის პრობლემური:

“ტელევიზორის ფლობა პატიმრისთვის არის უფლება, არამედ პრიცილეგიაც, რადგან სასჯელაღსრულების დირექტორს აქვს დისკრეცია, რეალურად ექნება თუ არა პატიმარს საკუთარი ტელევიზორი. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ეს ბოროტად გამოიყენეს რიგი დაწესებულებების დირექტორებმა, მაგალითად, პოლიტიკური მოტივაციით გარკვეულ პატიმრებს არ აძლევდნენ ტელევიზორებს და ამას ვერ ასაბუთებდნენ.”

მისივე თქმით, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის არაერთ ანგარიშშია საუბარი, რომ პატიმარს ტელევიზორზე უფლება უნდა ჰქონდეს და ეს არ იყოს ხელმძღვანელის გადასაწყვეტი.

სასჯელაღსრულების მინისტრის, კახი კახიშვილის განცხადებით, დადგა დრო, რომ დაბალი რისკის დაწესებულებებში და ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებში დირექტორზე არ იყოს დამოკიდებული ტელევიზორის ფლობის საკითხი და იყოს უფლება. თუმცა, მისივე თქმით, დახურული ტიპის დაწესებულებებში ეს ცვლილება ვერ განხორციელდება:

” ამ ეტაპზე ასეთ ცვლილებებს გთავაზობთ. რაც შეეხება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებს, დახურულ დაწესებულებას, ჩვენ დღეს მზად არ ვართ, რომ ასეთი ტიპის უფლება მივცეთ,” – აღნიშნა კახიშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ეს პაკეტი ძალიან კარგია და შემდეგ სასესიო კვირაში პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.