სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მხადრამჭერები ტელეკომპანიის შენობასთან დღესაც შეიკრიბნენ. მათმა ნაწილმა 3 მარტის ღამე რუსთავი 2-ის ეზოში გაშლილ კარვებში გაათია.  მხარდამჭერებმა ტერიტორიაზე შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 03.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაასაჩივრებს თუ არა ხელისუფლება რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციოში?

არის თუ არა შესაძლებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა, იმის მიუხედავად, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საქართველოს მთავრობას დაეკისრა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად.

ამ მუხლის მიხედვით, “სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას”.

გოცირიძის თქმით, თეორიულად საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს შეუძლია ამ მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. იურისტი მიუთითებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 38-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ თუ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ, მიმართონ თუ არა საერთაშორისო ხელშეკრულების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს. მთავრობის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს პრემიერ-მინისტრი.

“კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ხელშეკრულების პირობები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ხელშეკრულების კონკრეტული მუხლი საქართველოს მიმართ ბათილად იქნება ცნობილი”, – აცხადებს იურისტი.

დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს მთავრობას, თუ ის გადაწყვეტს, რომ რუსთვი 2-ის საქმიდან გამომდინარე საერთაშორისო ხელშეკრულების ის ნორმა გააუქმონ, რომელიც ხელს უშლის უზენაესი სასამართლოს აღსრულებას და 100%-იანი წილის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას? – “ნეტგაზეთს” ამ კითხვაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უპასუხა:

“ამ კითხვაზე არ გიპასუხეთ და გთხოვთ, რომ სხვასაც არ დაუსვათ ეს შეკითხვა. ჰიპოთეტურად დასმული შეკითხვა, შესაძლოა, ვინმემ კონტექსტიდან ამოიღოს და თქვას, რომ საქართველოს მთავრობას ეს აქვს გადაწყვეტილი და ა.შ. ამას მიებმება სხვა ამბები და იქნება არასწორი. მთელ ქვეყანას ცუდ საქმეს ნუ გავუკეთებთ, ძალიან გთხოვთ”.

რაც შეეხება თავად მოდავე მხარის – ქიბარ ხალვაშის პოზიციას, “ნეტგაზეთთან” საუბარში მისი ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ ისინი სრულად სტრასბურგის სასამართლოზე არიან კონცენტრირებულები:

“ამ ეტაპზე არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რაიმე სამართლებრივი საფუძველი იყოს სასამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენი გეგმა ამ ეტაპზე ეს არაა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგ შეტყობინებამდე დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების აღსრულება. ჩვენ ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანუ ჯერ მოწინააღმდეგე მხარემ უნდა წარადგინოს საჩივარი, შემდეგ უნდა სცნონ ეს საჩივარი დასაშვებად, შემდეგ უნდა განიხილოს ჩვენი მესამე მხარედ დაშვების საკითხი და ა.შ. ჩვენ მივყვები ახლა ამ პროცედურებს”.

როგორც საიას იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშს, არ აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმის გასაჩივრების მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. თუმცა ამის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა, თუმცა ბიზნესმენი ქონებას ჯერ ვერ იბრუნებს.

ავტორი