ბერძენიშვილი: ბათუმის აქციის კუთხურობასთან დაკავშირება არც ჭკვიანურია და არც სწორი

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბათუმში მომხდარ აქციასთან კავშირში კუთხურობაზე საუბარი, უსაფუძვლოა და ვიცეპრემიერ კახა კალაძეს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“გასაგებია, რომ ბატონმა კახი კალაძემ ზუსტად არ იცის სიტყვა ეთნიკურის მნიშვნელობა. ალბათ უნდოდა ეთქვა სუბეთნიკური და ისე, ადამიანებისთვის გასაგებად, ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ კუთხურ ნიადაგზე კონფლიქტი იყო. სიტყვა ეთნიკურის ხმარება იმ რეალობის აღწერისას, იმის მიუხედავად, ვინ ეთანხმება და ვინ არა, იყო იქ პრობლემა კუთხურ ნიადაგზე თუ არა, აქ სიტყვა ეთნიკურის ხმარება შეცდომაა. არა უშავს, არც ისტორიკოსია და არც ფილოლოგი, რომ კახი კალაძემ ეს იცოდეს. მოვერიდოთ ამ ტერმინის ხმარებას, სრულიად უადგილოა აჭარასთან მიმართებაში. ზოგადად და კონკრეტულად არ შემთხვევაში. დანარჩენი საკითხები შესასწავლია”, – ამბობს დავით ბერძენიშილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დავით ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ კალაძემ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მან თქვა, რომ ამ კონფლიქტის დროს გამოიყენეს ასლან აბაშიძის დროინდელი ტერმინები “თათრებს გვეძახის”, რომლითაც მანიპულირებდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი 1980-იანი წლების ბოლოდან.

“ასლან აბაშიძის იდეოლოგიურ-ტერმინოლოგიურ ლექსიკონში ეს მთავარი იარაღი იყო, რომ თბილისისგან მთავარი მტრის ხატი შეექმნა, აჭარაში მცხოვრები ადამიანების განსხვავება შემოეტანა, ფაქტობრივი, უფლებრივი განსხვავება, მაშინაც დამკვიდრდა ტერმინი “მკვიდრი”, რაც ნიშნავდა აჭარაში დაბადებულს, გაზრდილს. ამ მარაზმს 2004 წელს ბათუმმა და აჭარაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, პირველ რიგში ქალაქის და ყველა რაიონის ყველაზე აქტიურმა წარმომადგენლებმა, დაძლიეს და ასლან აბაშიძე ბრძანდება მის პატრონებში – რუსეთში. 2004 წლის შემდეგ ამ თემის გახსენება, არამარტო ამ თემის, სუბეთნიკური, ტომობრივი ნიშნით არ არის, არც ჭკვიანური და არც სწორი”, – ამბობს ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ თავიდანვე სწორად შეაფასა, ის, რომ ამ აქციის უკან კონკრეტული ძალები იდგნენ, მისი თქმით, ამ ძალების ერთი ნაწილი არის ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადგილობრივი კადრები, რომლებიც პატრულის ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ თავს მიიჩნევდნენ შევიწროებულებად.

“როდის მერეა, რომ დემონსტრანტებს საქართველოში სპეცრაზმის დანახვის არ ეშინიათ, ქვების სროლა როდის მერეა ჩვეულებრივი რამ ქვეყანაში. როდესაც მეორე მხარეს შეიარაღებული სპეცრაზმი დგას, ყოველთვის ითვალისწინებდა ამას დემონსტრანტი, რომ სიფრთხილე არის საჭირო სპეცრაზმთან. რა გარანტია ჰქონდათ, სპეცრაზმი, რომ გამოუშვებდა გაზის რაღაც რაოდენობას და მერე შევიდოდა ისევ შენობაში და არ დაერეოდა ამ გავეშებულ დემონსტრანტებს? ძალიან კონკრეტული საკითხი არის, რატომ გამოჩნდა ამდენი ნასვამი დემონსტრანტებში, ამან გამახსენა, 1991 წლის აპრილი, როცა ასლან აბაშიძე “შაბაში” მოიწყო, მაშინაც ძირითადი მოთხოვნა იყო აჭარაში მთავარი პოლიციელის გადაყენება, რომელიც არ იყო მკვიდრი და არ იყო გაგზავნილი ცენტრიდან”, – ამბობს ბერძენიშვილი.

ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ გუშინ, 12 მარტს “იმედის დროს” ეთერით განაცხადა, რომ:

“ჩვენ თუ გადავხედავთ გუშინდელ განცხადებებს, გამოჩნდება ის პოლიტიკური ძალა, თუ ვის ინტერესში იყო მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე, განსაკუთრებით სახიფათოა, ისეთი განცხადებები კეთდებოდა. ვნახავთ, რომ იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ იმას, რაც ხდებოდა ბათუმში”, – განაცხადა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com