ფოტო: ნეტგაზეთი

TI: 2016 წელს იმერეთში ყველაზე მეტი პრემია და დანამატი ქუთაისის მუნიციპალიტეტში გაიცა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 22 323 636 ლარი შეადგინა – გამგეობებში/მერიაში სახელფასო ანაზრაურებაზე დაიხარჯა 17 217 253 ლარი, ხოლო საკრებულოებში – 5 106 383 ლარი. TI–ის ცნობით, მუნიციპალიტეტებში გაცემულმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა წლის განმავლობაში 3 360 132 ლარი შეადგინა (გამგეობებში – 2 592 786 ლარი, საკრებულოებში – 767 346 ლარი).

კვლევის მიხედვით, იმერეთში 2016 წლის მანძილზე პრემიებისა და დანამატების სახით ყველაზე მეტი თანხები ქუთაისის მერიის თანამდებობის პირებზე, საჯარო მოსამსახურეებსა და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა: პრემიამ 450455 ლარი შეადგინა, ხოლო დანამატმა – 195 541,46 ლარი. TI-ის ცნობით, ასევე ქუთაისის მერიის ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან გაცემულია 88985.04 ლარი, რაც მოიცავს ბიულეტენს, დეკრეტს და მატერიალურ დახმარებას. საერთო ჯამში, პრემია-დანამატის თანხამ ქუთაისის მერიაში 734 981.5 ლარი შეადგინა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემდეგ პრემია ყველაზე დიდი ოდენობით გაიცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში (გამგეობა – 405 245 ლარი, საკრებულო – 95 025 ლარი). აღებული პრემიის სიმცირით გამოირჩევა ბაღდათის გამგეობა (17 550 ლარი) და ხარაგაულის საკრებულო (1000 ლარი).

TI-ის ცნობით, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის მანძილზე პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატი არ გაცემულა.

“მუნიციპალიტეტების საკრებულოების რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით. საინტერესოა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოკიდებულება ამ მუხლისადმი. ისინი აღნიშნულ ნორმას საკრებულოს თანამდებობის პირებზეც ავრცელებენ და მოწოდებულ დოკუმენტაციაში გვწერენ, რომ ტყიბულის მუციპალიტეტში საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, პრემიასა და სახელფასო დანამატს არ იღებენ. შესაბამისად, ტყიბულის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ სულ 3 600 ლარი შეადგინა,” – ნათქვამია TI-ის კვლევაში.

ქუთაისის საკრებულოში საკრებულოს თანამდებობის პირები – თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარია, მთელი წლის განმავლობაში იღებდნენ დანამატს თვეში 2150 ლარის ოდენობით. ჯამში, მთელი წლის მანძილზე თითოეულის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატმა 25 800 ლარი შეადგინა. ცალკეულ თანამდებობის პირებზე გაცემული მაღალი პრემია/დანამატით გამოირჩეოდა ასევე სამტრედიის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები .

როგორც TI აცხადებს, ქუთაისის მერიამ არ მიაწოდაღ პრემია/დანამატის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილი სახით: “ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად ვისზე გაიცა აღნიშნული პრემია/დანამატი.  მათ შორის, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ჩანს ქუთაისის მერისა და სხვა თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიის ოდენობა.”

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი რეგიონში ერთადერთია, რომელმაც გასცა “საშვებულებო დახმარება” 128 350 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გაცემა ხდებოდა დასაქმებულის შვებულებაში გასვლის პერიოდში, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამრიგად, დასაქმებული შვებულებაში ყოფნის პერიოდში იღებდა სარგოს ორმაგ ოდენობას. აღსანიშნავია, რომ ტერმინს “საშვებულებო დახმარება” და მისი გაცემის მიზნობრიობას მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს.

TI-ის ინფორმაციით, პრემიის გაცემის დღეები ყველა მუნიციპალიტეტში ერთმანეთს ემთხვევა: “პრემია, როგორც წესი, გაიცემა 8 მარტის (მხოლოდ ქალ თანამშრომლებზე), სააღდგომო და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ამ დღეების გარდა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც გასცა პრემია. პრემიების გაცემასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პრემია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიცემა უკლებლივ ყველა თანამშრომელზე და მისი გაცემის დასაბუთებულობაც არ პასუხობს კანონმდებლობით დაწესებულ სტანდარტებს.”

ქუთაისის თვითმმართველობაში პრემიების შესახებ მედიასთან დღეს კომენტარი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ გააკეთა. მისი თქმით, მერიამ ადმინისტრაციული ხარჯები 2 მილიონი ლარით შეამცირა და საინტერესოა “საერთაშორისო გამჭირვალობა” რატომ არ აქვეყნებს ინფორმაციას წინა ხელისუფლების დროს გაცემული პრემიებზე. საკრებულოს თავმჯდომარის ბექა ყანჩელის განმარტებით კი, ის და ლატარია აღებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარენ. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ჯამში ექვსჯერ ნაკლები პრემია და ნამატია გაცემული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა სახელფასო ოდენობისა და გაცემული პრემიის შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.