ახალი ამბები

პრეზიდენტი კონსტიტუციაზე: რა მიზანიც მქონდა, ხალხთან ერთად ვახორციელებ

13 მარტი, 2017 • 1671
პრეზიდენტი კონსტიტუციაზე: რა მიზანიც მქონდა, ხალხთან ერთად ვახორციელებ

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად დღეს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრები გამართა.

“მინდა კიდევ ერთხელ მთელ ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პროცესში. ეს პროცესი არის კონსტიტუციის სულისკვეთებაზე საუბარი, თუ რა გვინდა, რომ კონსტიტუციაში ვიხილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიხილავთ არც არსებულ კონსტიტუციას, არც სხვა მოდელს, ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, როგორ უნდა შევქმნათ უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი სამართლებრივი სახელმწიფო. კომისიის თაობაზე მე განცხადება გაკეტებული მაქვს,

განვმარტე ის მიზეზიც რატომაც მე მინდოდა თანათავმჯდომარეობა, თანათავმჯდომარეობა მინდოდა იმისთვის, რომ საზოგადოება ჩამერთო ამ პროცესში, ამას ვაკეთებ კიდევაც. მე მინდოდა კომისიაში ჩართვა არამარტო ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, არამედ იმ მანდატით, რომელიც მე მაქვს, ხალხის სახელით და მე ამას ვაკეთებ, ხალხის ხმა ისმის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ამ ხმას ისმენენ, ისმენენ უშუალოდაც და მედიის მეშვეობითაც. რა მიზანიც მქონდა, რომ ხალხი ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში და რომ ეს პროცესი არ წარმართულიყო დახურულ კარს მიღმა. ამ მიზანს ქართველ ხალხთან ერთად ვახორციელებ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” 10 მარტს დაიწყო. კამპანიის მიზანია, კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეების მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე კონსტიტუციისა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კამპანიის წამოწყებით პრეზიდენტი ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ”. კობახიძეს პრეზიდენტთან 3 პრეტენზია აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის წინააღმდეგ პირველი განცხადება 4 მარტს გააკეთა, როდესაც თქვა: “თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ – თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”.

კობახიძე მმართველი გუნდის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელიც 10 მარტის პრეზენტაციის გამო პრეზიდენტს აკრტიკებს. განცხადებები გააკეთეს გედევან ფოფხაძემ და მამუკა მდინარაძემ, ამ უკანასკნელმა პრეზენტაციას “სპექტაკლი” უწოდა.

ამჟამად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფის დონეზე მუშაობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად. კომისიის მუშაობაში ჩართვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი