ახალი ამბები

პრეზიდენტი: ბათუმში განვითარებულ პროცესში დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

13 მარტი, 2017 • 1885
პრეზიდენტი: ბათუმში განვითარებულ პროცესში დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავეების გამოაშკარავებისა და სამაგალითოდ დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, არავის აქვს უფლება სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ვანდალიზმით ესაუბროს:

“მე არა ვარ გამომძიებელი. ზუსტ პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ, მაგრამ იცით, რა მინდა გითხრათ, რომ როდესაც იწყება ძალადობა იქ ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, არც ერთ ადამიანს საქართველოში არ აქვს უფლება ძალადობით, აი, ამ ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და ესაუბროს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ უნდა იყვნენ ყველა, უკლებლივ აღმოჩენილები და უნდა იყვნენ დაკავებულები. მათ მიმართ უნდა განხორციელდეს ძალიან პრინციპული პოზიცია და სასჯელი უნდა იყოს პრინციპულიც და სამაგალითოც.

ესეთი ვითარება, რომ მიტინგი გადაიზარდოს ვანდალიზმში, მანქანების დაწვაში – ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის დაგვიშავებია რამე. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ – სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე,” – აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილმა განცხადება ამის შესახებ დღეს, თელავში კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” ფარგელებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბათუმის აქციაზე 12 მარტს დაკავებული 3 პირის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა. ორი მათგანი 250-250 ლარით დააჯარიმეს, არასრულწლოვანს კი მოსამართლემ გაფრთხილება მისცა.  გუშინ, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულ 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კიდევ 6 შემთხვევას ბათუმის სასამართლო 14 და 20 მარტს განიხილავს. სხვა დაკავებულების საქმეები პროკურატურას ჯერ არ წარმოუდგენია. წინასწარი მონაცემებით, საპროტესტო აქციის შემდეგ, ბათუმში დაახლოებით 40 პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი