ახალი ამბები

“რუსთავის აზოტიდან” დათხოვნილი 58 მუშა სასამართლოში დავას აპირებს

13 მარტი, 2017 • 3008
“რუსთავის აზოტიდან” დათხოვნილი 58 მუშა სასამართლოში დავას აპირებს

აზოტიდან დათხოვნილი 58-მა მუშა “რუსთავის აზოტის” წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. ისინი რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელს ხვალ, 14 მარტს შეიტანენ.

ისინი მოითხოვენ რომ აღადგინონ სამსახურში, რადგან მიაჩნიათ, რომ უკანონოდ არიან დათხოვნილები.

მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ იმას, რომ აღდგენის შემთხვევაში მისცენ მათ განაცდური ,ანუ თანხის ის რაოდენობა, რაც ვერ მიიღეს სამსახურიდან დათხოვნის გამო.

მუშების უფლებებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები იცავს.

რუსთავში მდებარე ქიმიური საწარმოს აზოტის მუშების სამსახურიდან დათხოვნა 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. საბოლოოდ, საწარმოდან 350-მდე ადამიანი დაითხოვეს, რასაც პროტესტების სერია მოჰყვა, რუსთავსა და თბილისში.

დასაქმებულების შემცირება მას შემდეგ დაიწყო რაც საწარმოს მფლობელი ახალი კომპანია “ე უ ინვესთმენტი” გახდა. კომპანია აცხადებდა, რომ დასაქმებულების დათხოვნა საწარმოში შექმნილი კრიზისის გამო გადაწყვიტეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ახალი თანამშრომლების მიღებას გადაწყვეტდნენ უპირატესობას დათხოვნილ თანამშრომლებს მიანიჭებდნენ.

აქციები ასევე გაიმართა საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალთან, რადგან მათი თქმით, “ე უ ინვესთმენტის” მფლობელი საქართველოს ბანკის მფლობელი ჰოლდინგი “ბიჯეო ჯგუფია”. საქართველოს ბანკი უარყოფდა რაიმე კავშირს, თუმცა, საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, “რუსთავის აზოტის” საწარმოს მფლობელი კომპანიის “ე უ ინვესთმენთს”-ის არსებული და სამომავლო მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე “ბიჯეო ჯგუფის” კომპანიის სასარგებლოდაა დაგირავებული. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, “საქართველოს ბანკის” სააქციო კაპიტალის 99.52%-ს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი