ახალი ამბები

რატიანი: ბათუმში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

13 მარტი, 2017 • 3431
რატიანი: ბათუმში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება ხელისუფლებას.

სერგო რატიანის თქმით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე წინაპირობა აქვს და ყველა მათგანის შექმნაში დამნაშავე ხელისუფლებაა:

“მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უკმაყოფილების ძალიან სერიოზულ ფონს და მუხტს  ქმნის. გარდა ამისა, წლების განმავლობაში იქმნებოდა მოძალადეთა ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან, სუს-ის მხრიდან იმართებოდა. ეს ჯგუფები ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში და აქტიურად მონაწილეობდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობაში. წლების მანძილზე ხელისუფლება არაფერს აკეთებდა სიძულვილის ენის აღსაკვეთად, პირიქით სიძულვილის ენას ხელისუფლება ახალისებდა. სიძულვილის ენას, რომ სერიოზული შეშფოთება მოჰყვება ადამიანებისგან, ცხადია. ”

დეპუტატის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები დისკრედიტირებულია:

“ბათუმში ვხედავდით, როგორ ხდებოდა პოლიციის დისკრედიტაცია, ვხედავდით პოლიციის მიმართ უპატივცემულობისა და დაუსჯელობის სინდრომს. მოძალადე ჯგუფები დაკავშირებული არიან სუს-თან და ხელისუფლებასთან. როგორც ჩანს, ისინი ჩართული არიან სახელისუფლებო თამაშებში. ეს არის იმ ვითარების მთავარი ჩარჩო, რაც მოხდა.”

რატიანის თქმით, ხელისუფლებას დაგვიანებული და არაეფექტური რეაქცია ჰქონდა:

“ბათუმი იყო დაუცველი და ადამიანები იყვნენ დაუცველები. ჩვენთვის ფუნდამენტური ღირებულებაა სამოქალაქო მშვიდობა, რომელზეც დგას ყველა დანარჩენი უფლება. სამოქალაქო მშვიდობა ხელისუფლებამ ვერ დაიცვა. ჩვენგან და  თითქმის ყველა პარტიიდან იყო მესიჯი, რომ ასეთი მოვლენები მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენს.”

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში სხვა პარტიების დადანაშაულებას, რატიანის თქმით, ცილისწამება ხელისუფლების სავიზიტო ბარათია:

“ხელისუფლებას ამ პროცესის ყველა ეტაპზე აქვს დანაშაული და ამის შემდეგ იწყება გადაბრალების ტალღა. ცილისწამება ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათია, დაწყებული ბარბარე რაფალიანცით და დამთავრებული გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების თემით.”

12 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი