ახალი ამბები

არასამთავრობოები ბათუმის მოვლენებს აფასებენ და რეკომენდაციებს ავრცელბენ

12 მარტი, 2017 • 1956
არასამთავრობოები ბათუმის მოვლენებს აფასებენ და რეკომენდაციებს ავრცელბენ

“ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბათუმში განვითაებული მოვლენების თაობაზე 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

არასამთავრობოების განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა, როდესაც შეკრების მონაწილეების ქცევა კარგავს მშვიდობიან ხასიათს, ისინი გადიან შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და ამ პირობებში პოლიციას ეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და  ძალადობრივი ქმედების პროპორციული ზომებით აღკვეთის ვალდებულება.

“როგორც გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, აქციის მონაწილეების ნაწილი რაღაც ეტაპზე შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან გავიდა და მათმა ქცევამ უკანონო და ძალადობრივი ბუნება შეიძინა. მეტიც, დღის ბოლოს შეკრების ადგილზე გამოჩენილი ორგანიზებული ჯგუფები დემონსტრაციულად ჩადიოდნენ ვანდალურ აქტებს და სიტუაციის  განზრახ ესკალაციას უწყობდნენ ხელს. ამასთან შეკრების ადგილზე მყოფი პირების მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა ეროვნული, რელიგიური და კუთხურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის სულისკვეთების მქონე განცხადებები. მომხდარზე სიმართლის დადგენის, სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისა და პროცესის სათანადო პოლიტიკური და სოციალური გააზრებისთვის, არსებითია, სახელმწიფომ გამოიკვლიოს ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების განზრახვები, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების თქმით, კონკრეტული ჯგუფების ძალადობრივი ქცევის მიღმა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ შეისწავლოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზები და მათზე სისტემური რეაგირება მოახდინოს. ამავდროულად ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია და კონკრეტული ჯგუფების ვანდალურმა ქცევამ სრულიად უკონტროლო და მასშტაბური ხასიათი მიიღო.

“თუმცა, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის  გამოყენების ფაქტები”.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი შესწავლის, შესაძლო კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისა და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით”, არასამთავრობოები მოუწოდებენ:

საქართველოს ხელისუფლებას:

  • სწრაფად და მიუკერძოებლად იქნეს შესწავლილი გუშინ შექმნილ მდგომარეობაზე სახელმწიფოს რეაგირების დროულობა და კანონიერება, შედეგების საფუძველზე გადაიდგას ზომები გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად;
  • სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რა ფორმები მიიღო დემონსტრანტების მიერ პროტესტის დაფიქსირებამ, აუცილებელია, ხელისუფლებამ შეისწავლოს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი  არასამართლიანი საჯარიმო პოლიტიკის გატარებას ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას პოლიციის მხრიდან და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება;
  • ასევე, მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი განვითარებული მოვლენების შესაძლო მართული ხასიათი.

სამართალდამცავ ორგანოებს:

  • განახორციელონ მომხდარის დროული და ყოველმხრივი გამოძიება, კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
  • აქვე უმნიშვნელოვანესია, დაცულ იქნეს დაკავებული პირების კანონით გარანტირებული უფლებები, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფით.

პოლიტიკურ პარტიებს

  • განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წახალისებისაგან. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს ძალადობრივი დაპირისპირების რისკი;
  • თავი შეიკავონ ქსენოფობიური, ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობასა და შუღლზე დაფუძნებული საჯარო განცხადებებისგან.

საქართველოს მოქალაქეებს

  • აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აკისრიათ ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ კანონს, ხოლო თუ მისი აღსრულების შედეგები უსამართლოდ მიაჩნიათ, გამოსავალი უპირველეს ყოვლისა ეძიონ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და არ გაიყვანონ პროცესები სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. აღნიშნული აზიანებს როგორც კონკრეტული მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

მასალების გადაბეჭდვის წესი