ახალი ამბები

ვწუხვართ, რომ ეს ხდება… უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე – ილია II ბათუმის მოვლენებზე

12 მარტი, 2017 • 25216
ვწუხვართ, რომ ეს ხდება… უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე – ილია II ბათუმის მოვლენებზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II ბათუმშუ წუხელ მომხდარ არეულობას გამოეხმაურა. მან ამის თაობაზე საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა სამებაში:

“ნგრევა ყოფილა აჭარაში, მანქანების მტვრევა… ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სახლში, გონებაში.  შვილებს უნდა ვაჩვენოთ სიმშვიდის მაგალითი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

12 მარტს, ღამით ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი.

აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის მანქანები, გაანადგურეს ირგვლივ ქალაქის ინფრასტრუქტურა. დემონსტრანტები დილის 6 საათიდან დაიშალნენ, რის შემდეგაც პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყეს მოქმედება და დარჩენილი ადამიანების დაკავება. ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დილის 10 საათისთვის დაკავებულია 40–მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი